„უცხოური გავლენის“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას — მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას.

„ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია.„უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის პროექტის გასაღები“, — წერს მიშელი Twitter-ზე.

Strongly concerned about developments in Georgia.

Right to peaceful protest is at the core of any democracy.

Adoption of this “foreign influence” law is not compatible with the EU path which majority in 🇬🇪 wants.

Commitment to rule of law and human values is key to EU project.

— Charles Michel (@CharlesMichel) March 8, 2023

მანამდე განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა და თქვა, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებამ შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს