ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს რუსული კანონი ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ.
ვრცელ განცხადებაში, რომელშიც მიმოხილულია კანონპროექტის ინიციირებისა და პროტესტის ისტორია, ორგანიზაცია დასძენს, რომ კანონპროექტი „ დიდი ხნით შეცვლის საქართველოს დემოკრატიის სახეს“
„წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოურ აგენტებზე“ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას საქართველოში, კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისგან შორს დგას, სამიზნედ იღებს მხოლოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც მათი სტიგმატიზაციისა და დაშინების მცდელობაა. რუსულმა პრეცედენტმა აჩვენა ამ კანონმდებლობის დრამატული შედეგი. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ უკუაგდოს ეს დრაკონული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს გახდის“ ,- აცხადებს „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟანა კაველიე.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პირველი მოსმენით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს.
საქმე ის არის, რომ გუშინ, 6 მარტს „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქციის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ პარლამენტი “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდა. თუმცა, დღეს მანვე შესთავაზა პარლამენტს რომ ეს კანონპროექტები დღეს განხილულიყო.
„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა.
ვრცლად:
