დეგნანი სვამს შეკითხვას, რა არის “აგენტებზე” კანონის მიღების რეალური მიზეზი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის წინაშე დაყენებაზე.

კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს არ სჭირდება ამ კანონის არც ერთი ვერსია. ელჩის განცხადებით, ეს კანონი საქართველოს ინტერესებში არ შედის.

“ნათელია, რომ ყველა, ვინც ამ ორი ვერსიიდან რომელიმეს დაუჭერს მხარს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის წინაშე დაყენებაზე. გაერო, ევროკავშირი, აშშ, ევროპის საბჭო, საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოს გარშემო – ყველამ მოუწოდა დაჟინებით პარლამენტს და მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს წინადადება. ეს წინადადება შეაჩერებს ქართულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ქართველებს”, – განაცხადა დეგნანმა და დასვა შეკითხვა, რა არის ამ ინიციატივის განხილვის რეალური მიზანი?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.