ლოს-ანჯელესის ოლქი თანახმაა, კალათბურთელ კობი ბრაიანტის მეუღლეს, ვანესა ბრაიანტს კომპენსაციის სახით 29 მილიონ დოლარამდე გადაუხადოს პოლიციის მიერ ავიაკატასტროფაში დაღუპული მისი მეუღლისა და შვილის გრაფიკული ფოტოების გავრცელების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კობი ბრაიანტი, მისი უმცროსი შვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი 2020 წელს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ვანესა ბრაიანტი საჩივარში აღნიშნავდა, რომ დაღუპული ადამიანების ცხედრების ფოტოები მოპასუხე მხარემ გამოიყენა, როგორც სავაჭრო “სუვენირები”. ბრაიანტთან ერთად სასამართლოში დავობდა კრისტოფერ ჩესტერიც, რომლის ცოლი და 13 წლის შვილიც ამ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

2022 წლის აგვისტოში სასამართლომ გამოავლინა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფისა და სახანძრო განყოფილებების პასუხისმგებლობა, რომელთაც გადაიღეს და გაავრცელეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ფოტოები. ფოტოებზე ჩანდა როგორც ვერტმფრენის ნაწილები, ასევე ადამიანთა ცხედრები.

კობი ბრაიანტის მეუღლე და მისი თანამოსარჩელე დავობდნენ, რომ მათი საყვარელი ადამიანების ფოტოების გავრცელებამ გამოიწვია ემოციური ტკივილი და დაარღვია მათი პრივატულობის უფლებები. ორივე მათგანმა საკუთარ ჩვენებებში განაცხადეს, რომ უწევთ შიშში ცხოვრება, რომ შესაძლოა სადმე შეხვდეთ ეს ფოტოები, მიუხედავად ოლქის მტკიცებისა, რომ სურათები განადგურებულია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ოლქს დაეკისრა ბრაიანტისა და ჩესტერისთვის 15-15 მილიონი დოლარის გადახდა. რაც შეეხება 29 მილიონ დოლარამდე კომპენსაციას, ლოს ანჯელესის ოლქის წამყვანი სასამართლო ადვოკატის, მირა ჰეშმოლის განმარტებით, თანხა მოიცავს როგორც სასამართლოს მიერ დაკისრებულ კომპენსაციას, ასევე სამომავლოდ ყველა სახის გადაუჭრელ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოში განხილულ სამართლებრივ საჩივრებთან, მათ შორის, ბრაიანტის ბავშვების სამომავლო პრეტენზიებს და სხვა ხარჯებს.

“მან [ვანესა ბრაიანტი] იბრძოლა როგორც ქმრისთვის, ასევე საზოგადოების ყველა იმ წევრისთვისაც, ვის [მგლოვიარე] ოჯახებსაც მსგავსად უპატივცემლოდ მოექცნენ. ვიმედოვნებთ, რომ მისი გამარჯვება და ეს შეთანხმება ამ პრაქტიკას ბოლოს მოუღებს”, – განაცხადა ბრაიანტის ადვოკატმა, ლუის ლიმ.