ახალი ამბები

IPI მოუწოდებს პარლამენტარებს, მხარი არ დაუჭირონ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს

22 თებერვალი, 2023 • 2358
IPI მოუწოდებს პარლამენტარებს, მხარი არ დაუჭირონ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“  შესახებ.

IPI-ის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ეხმიანება მსგავს კანონებს ავტორიტარულ სახელმწიფოებში, როგორიცაა,  მაგალითად ,რუსეთში.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის თქმით, მიუხედავად კანონპროექტის ავტორების განცხადებებისა, რომ კანონი დაფუძნებული იქნება „ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე“, ეს ზომები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად გამოიყენება.

„IPI ღრმად შეშოთებულია იმით, რომ ქართველი დეპუტატები აპირებენ რუსეთის ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოდან გვერდი ამოიღონ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტის შემოღებით. პუტინის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ იყო კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, სხვა უფლებებთან ერთად, რუსეთში. ასეთ კანონმდებლობას აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ეთანხმება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს“,– განაცხადა IPI-ის დირექტორის მოადგილემ სკოტ გრიფენმა.

IPI-ის განცხადებით, ეს კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული მედიის დისკრედიტაციისთვის. მათი უცხო გავლენის აგენტებად გამოცხადებით საფრთხე ემუქრება ქართულ საზოგადოებასა და ქვეყნის უსაფრთხოებას.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის თქმით, ეს ასევე მისცემს სახელმწიფოს მძლავრ ინსტრუმენტს,  ჩაახშოს განსხვავებული ხმა და დააშინოს ჟურნალისტები. მათივე განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის ქართული საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს ახალი ამბებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყარო.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნული კანონის მიღების ნაცვლად დამოუკიდებელი მედიისთვის უზრუნველყონ უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნა.

რა ხდება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპრპექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი