ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ციხეში „პოლიტპატიმარი და მძევალი“, ნიკა გვარამია მოინახულა.

ხაბეიშვილის თქმით, გვარამიასთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, სამომავლო გეგმები, თავად გვარამიას საკითხი და „კონსტიტუციით მონიჭებული ბრძოლის ხერხები“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი საზოგადოებამ პირად პრობლემად უნდა აღიქვას.

„მესმის, რომ კონკრეტული ადამიანები, – ვისაც სცივა, სწყურია, ეკონომიკური სიდუხჭირე აწუხებს, ემიგრაციაში გარბის, – ვერ უკავშირებდნენ [ამ საკითხს] საკუთარ ბედს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“, – უთხრა მან „მთავარ არხს“.

ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებს ისაუბროს სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან გვარამიასა და სააკაშვილის პატიმრობაზე.