გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე — „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ — გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აკაკი ოჩიგავა იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სახელმწიფომ ეფექტიანად არ გამოიძია. ამასთან, სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს დააკისრა 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა.

მომჩივნის ინტერესებს იცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად.

საია-ში აცხადებენ, რომ მომჩივანი აკაკი ოჩიგავა, 2011 წლიდან 2014 წლამდე, სასჯელს იხდიდა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში. ორგანიზაციის განცხადებით, იგი იყო სისტემურად არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა როგორც მის სასტიკად ცემაში (რის შედეგადაც მომჩივანს არაერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა), ასევე, სამარტოო საკანში მოთავსებაში:

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მომჩივნის მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით 7 ადამიანი გასამართლდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა გამოძიების გაჭიანურებულ ვადებსა და ხარვეზებს. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მაშინ, როდესაც მომჩივანმა 2012 წლის ოქტომბერში განაცხადა არასათანადო მოპყრობის შესახებ, ეროვნულ მექანიზმებს ხუთ წელზე მეტი დასჭირდა დამნაშავე პირების გამოვლენისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს შეფასებით, 2012-2016 წლებში საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ უმოქმედობას, უფრო მეტიც, მომჩივანს დაუსაბუთებლად არ ჰქონდა მსხვერპლის (დაზარალებულის) სტატუსი, რაც ხელს უშლიდა გამოძიებაში მის ჩართულობას.

საიას თქმით, სასამართლომ დამატებით  აღნიშნა, რომ გამოძიებას არ გამოუკვლევია რამდენიმე ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც მომჩივანს არასათანადოდ მოეპყრნენ, აგრეთვე არ დადგენილა რამდენიმე პირი, ვის ჩართულობაზეც მომჩივანი მიუთითებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) პროცედურული ნაწილი:

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ამავე მუხლის მატერიალური ნაწილის ფარგლებშიც იმსჯელა და ამ ნაწილშიც დაადგინა დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან მე-3 მუხლის დარღვევას.

ამასთან ერთად, სასამართლომ მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევის დადგენისას ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა ეროვნულ დონეზე ვერ მოახერხა მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ დაზიანებებისთვის, რაც არასათანადო მოპყრობის შედეგად მიადგა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ და ზემდგომმა ინსტანციებმა (2014-2017 წლებში), რომლებშიც მომჩივანი ეროვნულ დონეზე დავობდა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, ვერ დაადგინა მიყენებული დაზიანებების კავშირი პატიმრობაში ყოფნის პერიოდთან, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროს სრულიად ჯანმრთელი იყო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც. უწყებაში აცხადებენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.

უწყების განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით:

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება:

„მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოთ დასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას.

მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის“, – აცხადებენ უწყებაში.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.