პარლამენტმა „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც „გენდერული კვოტირების“ წესს შეეხება.

ცვლილება ძირითადად ორ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.

კერძოდ, გენდერული კვოტირების ვადამ გადაიწია და თუ აქამდე მოქმედი კანონმდებლობით 2032 წლამდე იყო, ცვლილებების შემდეგ 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩასატარებელი არჩევნების მიმართაც იმოქმედებს.

ასევე, მოქმედი კანონით, როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოდან ქალი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, მას ანაცვლებს რიგით შემდეგი ქალი დეპუტატი, ხოლო კაცის შემთხვევაში, მას ანაცვლებს კაცი. ცვლილებების შედეგად კაცის გასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება მოხდება არა ავტომატურად მომდევნო კაცით, არამედ სიის მომდევო წევრით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი.