რა თქვა სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტმა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი გამოიკითხა.

როგორც ექსპერტმა სხდომაზე განაცხადა, პენიტენციურმა სამსახურმა მათ დაუკვეთა სასამართლო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები მიაწოდეს და სთხოვეს, წარმოდგენილი სამედიცინო მასალები შეედარებინათ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ უფრო ზუსტად, ექსპერტიზას წინაშე დასმული იყო კითხვა — შეესაბამებოდა თუ არა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღწერილი დაავადებები და მდგომარეობები მინისტრის აღნიშნული ბრძანების ორ, მე-10 და მე-6 მუხლში შესულ დაავადებებსა და მდგომარეობებს.

მუხლი 10. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: 1.ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებები შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლით (K90) კახექსიის სტადიაში.

მუხლი 6. ნერვული სისტემის დაავადებები: 1.ინსტრუმენტული კვლევებით დადასტურებული ნერვული სისტემის დაავადებები (G00-G99), რომლებიც, მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, განაპირობებენ ნერვული სისტემის ორგანულ დაზიანებას მისი ფუნქციონირების ღრმა და სტაბილური და/ან განუხრელად პროგრესირებადი მოშლით, როდესაც სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

ქვედა პარაპლეგია, ჰემიპლეგია, ტეტრაპლეგია, ტრიპლეგია, ღრმა ტეტრაპარეზი, ღრმა ტრიპარეზი, ღრმა ჰემიპარეზი ჰემიანესთეზიით, ზედა პარაპლეგია, გამოხატული აკინეტიკო-რიგიდული სინდრომი ან გამოხატული ატაქსიური სინდრომი, რომლებსაც თან ახლავს: მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის სტაბილური მოშლა (შარდის, განავლის შეკავება ან შეუკავებლობა); ან ღრმა ტროფიკული მოშლილობები (ნაწოლები); ან მენტალური ფუნქციების ტლანქი მოშლა; ან ბულბური და ფსევდობულბური დამბლა (ყლაპვის ფუნქციის ტლანქი მოშლით).

ეკა ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, განსაზღვრეს ორი, გასტრო-ენტეროლოგიური და ნევროლოგიური, მიმართულება და ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად სათანადო სპეციალისტები მოიწვიეს და მათ მიერ მომზადებულ დასკვნებს დაეყრდნო.

ჩავლეიშვილის თქმით, ასეთი ექსპერტიზის დროს საჭირო არ არის პაციენტის პირადად გამოკვლევა და არც ამ შემთხვევაში მომხდარა. შესაბამისად, ექსპერტის თქმით, მის მიერ მომზადებული დასკვნა ეყრდნობა იმ სამედიცინო მონაცემებს, რომელსაც თავის მხრივ „ემპათიის“ დასკვნა ეყრდნობა. “ემპათიის” დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს.

„ექსპერტიზის შედეგად დადგინდა შემდეგი, სასამართლო სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზის დასკვნასა და მასზე თანდართულ სამედიცინო ჩანაწერებში, კვლევებში [საუბარია „ემპათიის“ დასკვნაზე] მითითებული დაავადებები, მდგომარეობები არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია“, – აცხადებს ექსპერტი.

დაცვის მხარის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს საკუთარ დასკვნაში დადგენილი კახექსიური მდგომარეობა, ექსპერტი ეკა ჩაველაშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზა აღნიშნულის განხილვაში საერთოდ არ შესულა. მისი თქმით, ამის მიზეზი მათ წინაშე დამკვეთის [ამ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის] დასმული შეკითხვა იყო, რომელიც შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

„ჩვენთან კითხვა იყო დასმული, შეესაბამება თუ არა ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის შეწოვის უნარის მოშლით კახექსიის სტადიაში განსაზღვრულ დაავადებებსო“, – ამბობს ექსპერტი.

გამომდინარე აქედან, ეკა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის შეწოვის უნარის მოშლა, კახექსიის განხილვაში საერთოდ აღარ შესულა:

„ჩემს დასკვნაში კახექსიაზე საუბარი საერთოდ არ არის. ამ მუხლის მიხედვით, ჯერ უნდა დადგენილიყო საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლით (მალაბსორბცია) კახექსიის სტადიაში. შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლა არ დადასტურდა, ამდენად, კახექსიაზე როგორ გადავიდე“, — აცხადებს ექსპერტი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ექსპერტის გამოკითხვისას მიუთითებდნენ, რომ მალაბსორბციის დიაგნოზი „ემპათიის“ დასკვნაში საერთოდ არ ფიგურირებს და ეკა ჩავლეიშვილს ჰკითხეს, თუ რატომ მიმოიხილა საკუთარ დასკვნაში აღნიშნული საკითხი, რაზეც ექსპერტმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის წინაშე დამკვეთის მიერ დასმული კითხვა ამგვარად იყო დასმული:

„მე ემპათიის დასკვნის განხილვა არ მიწარმოებია, მე ჩავატარე ექსპერტიზა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც გამოიყენა ცენტრმა „ემპათიამ“. ჩემ წინაშე კითხვა იყო დასმული, მალაბსორბცია დგინდება თუ არა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში. წარმოდგენილ სამედიცინო ჩანაწერებში არსებული გამოკვლევებით ეს დიაგნოზი დადასტურებული არ არის“, – აცხადებს ეკა ჩავლეიშვილი.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ: