თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, მისი საქმეა — კობახიძე აშშ-ის პოზიციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ საქართველო საკუთარი თანამოქალაქეების და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მიესალმება, თუ რუსეთი ფრენებს აღადგენს.

„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები უნდა მოგვიხსნან, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული? არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ეს იყო სანქცია, რომელიც 2019 წელს საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 800 000 მოქალაქე, ქართველი, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება და ჩვენ მივესალმებით, გამომდინარე იქიდან, ეს იქნება შეღავათი ჩვენი თანამემამულეებისთვის და თანამოქალაქეებისთვის… თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, მისი საქმეა. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, ასევე არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის კომენტირებისას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა და საგარეო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა თბილისთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო”.

„რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალხმრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალხმრივი გადაწყვეტილება და ორმხივ ცეკვაზე სუაბარი ზედმეტია. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ, რომ მისასალმებელი იქნება ცალხრივი სანქციის მოხსნა“, — თქვა კობახიძემ.

18 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

რუსეთთან ფრენების აღდგენამ შესაძლოა, ავიაკომპანიების სანქცირება გამოიწვიოს — აშშ