ახალი ამბები

ევროკომისიის შეფასება მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას — პრეზიდენტი

3 თებერვალი, 2023 • 877
ევროკომისიის შეფასება მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი „პოზიტიურს“ უწოდებს ევროკომისიის 2 თებერვლის ანგარიშს  და მისი მნიშვნელობის შესახებ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.“


ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას. ანგარიშები ავსებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, უკრაინასა და მოლდოვას კი– კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშებში კომისიამ შეაფასა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA), მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.

სამივე განმცხადებელი შეფასდა ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს განცხადებით, დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებაში, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ევროკომისიის ანაგრიშის შესახებ უფრო დეტალურ მასალას ნეტგაზეთი მალე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი