ახალი ამბები

ახლა ლევანის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი — მელია

2 თებერვალი, 2023 • 880
ახლა ლევანის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი — მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ახლა პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადგილას ყოფნას არ ისურვებდა.

მელია პარტიის მომავალი ხელმძღვანელობის წინაშე არსებულ ორ მთავარ გამოწვევას ასახელებს: პირველი — არ აღმოჩნდეს საკუთარი არარეალისტური დაპირებების ტყვე და მეორე — მოიგერიოს დირექტივები იმ პირებისგან, რომლებიც პარტიის ცხოვრებაში არ უნდა ერეოდნენ.

„არცერთი წამით დღემდე არ ვგრძნობ თავს დამარცხებულად. პირიქითაც. ჩემთვის არაფერი იცვლება და თუ იცვლება — უკეთესობისკენ. პოლიტიკურ აქტივობაში ჩემთვის თავმჯდომარეობა არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ღირებულებითი ბრძოლა და ეს ბრძოლა არათუ არ დასრულებულა, 30 იანვრის შემდეგ სხვა მასშტაბი შეიძინა“, — განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ სიმართლე და სწორი ღირებულებები ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს პოპულიზმზე, ტყუილზე და ცილისწამებაზე.

მელიას თქმით, ენმ-ის ამომრჩევლებში იმძლავრა საკითხების სწრაფად გადაწყვეტის სურვილმა, თუმცა მელიას პოზიციის სისწორეში ბევრი დარწმუნდა არჩევნებიდან 48 საათში.

„როდესაც რეალობაზე და იმ რისკებზე ვსაუბრობდით, რის წინაშეც იდგა პარტია, ამან ძალიან ბევრი თანამოაზრე შეგვძინა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი — არჩევნების შემდეგ. ამ 48 საათში ძალიან ბევრმა თვალსაჩინოდ დაინახა ის შედეგი, რომლის პროეცირება ხდებოდა ჩემ მიერ“, — თქვა მან.

ნიკა მელიას შეფასებით, ლევან ხაბეიშვილის და მისი მომხრეთა საარჩევნო კამპანია დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან და დაფუძნებული იყო შიშველ ემოციებზე, არარეალისტურ დაპირებებზე. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ხაბეიშვილის დაპირება, რომ თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიან, და თქვა, რომ ეს დაპირება დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ენმ-ის ახალ ხელმძღვანელობას.

„ეს არჩევნები წარიმართა რა ხაზით? — ვინ შევა და ვინ გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილს. თავიდან ბოლომდე იყო დაცლილი პრაგმატიზმისგან… ხელს შევუწყობ, რომ იმ დაპირებებმა ტყვეობაში არ მოაქციოს ეს ჯგუფი და სასოწარკვეთილები არ დგამდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამს წყალს. მე ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა ლევანის ადგილას ყოფნას და მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში. თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს, ვისაც ეს გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ, მაგრამ გაცილებით ადვილია ამის გაკეთება, როდესაც საკუთარი რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ როცა სხვისი სიცოცხლის საფრთხეა“, — თქვა მან.

გარდა სააკაშვილის გამოხსნის დაპირებისა, ნიკა მელიას აზრით, ხაბეიშვილისთვის პრობლემური იქნება „დირექტივები, თხოვნები, რომლის შკვალი წამოვა მისი მისამართით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც, წესით და რიგით, პარტიულ ცხოვრებაში ხელებს არ უნდა აფათურებდნენ”.

„მე ვუსურვებ გამძლეობას ლევანის, რომ მოეგერიებინოს ეს გარე ჩართულობის მცდელობები“, – თქვა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, მისი კონკურენტების მხრიდან მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელის და გვარის ინსტრუმენტალიზაცია, რაც თავად არ უკადრია.

„გამარჯვება მიუძღვნეს სააკაშვილს, თითქოს მართლა მტრებთან გაიმარჯვეს“, — აღნიშნა მან.

ნიკა მელიამ გააკრიტიკა და თქვა, რომ თავიდან ირონია ეგონა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტს დატოვებდნენ და „ოცნებას“ ენმ-ის ოფისსაც გადაუფორმებდნენ. მელიამ ეს პოზიცია კაპიტულაციად შეაფასა, რომელიც არათუ ზრდის, ამცირებს სააკაშვილის გათავისუფლების შანსებს.

„სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა და არა იმიტომ, რომ ენმ-ის ლიკვიდაცია მოვახდინოთ“, — დასძინა ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი