ბებიის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ, შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, 1997 წელს დაბადებული ა.ს.-მ ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის — 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას. დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, ა.ს. დაკავებულია.

YouTube video player

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.