თბილისში კორპუსის ეზოში კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდგარი კედელი, რომელიც ფერდობთან იყო ამოშენებული, ნაწილობრივ ჩამოიშალა.

კედლის ჩამონგრევის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ეზოში გაჩერებული ავტომობილი, თუმცა როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები და გამგეობის წარმომადგენლები. უწყების თქმით, მოხდება ტერიტორიის მიწისგან გაწმენდა და უახლოეს მომავალში დაიწყება კედლის გამაგრება.