რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინაზე პოზიციისთვის – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს „აჯილდოებს“ უკრაინის მიმართ გამოხატული პოლზიციის გამო.

ასე ეხმიანება გახარია ბოლო დღეებში საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც პირდაპირი ფრენებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეეხება.

„რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და ნატო აღარ არის პანაცეა, განიხილავს ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას დიპლომატიური კავშირების ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“, – წერს გახარია ტვიტერზე.

Russia rewards #Georgia for its stance on #Ukraine&following statement of Ivanishvili’s MP’s that EU/NATO is no longer a panacea, mulls restoring all sorts of relationships including diplomatic ties. This is a betrayal of 🇬🇪 national interests&people’s historical choice.

— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 20, 2023


18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ფრენების აღდგენას ეთანხმებიან მმართველ პარტიაში. მაგალითად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

ლავროვის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსმა დეპუტატმა კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვმა. გავრილოვი აცხადებს, რომ აუცილებელია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.