ძალადობრივ ჯგუფებს ხელისუფლებისგან „მწვანე შუქი“აქვთ – დეპუტატები ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლაზე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ იმ ჯგუფს, რომელმაც ყვარელში ლევან ბერძენიშვილს საშუალება არ მისცა, ლექცია ჩაეტარებუნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აძლევს კონსტიტუციის საწინააღმდეგო და თავისუფალი მოქმედების საშუალებას.

ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„ეს მარგინალური პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ აქვთ „მწვანე შუქი“ ხელისუფლებისგან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თეონა აქუბარდიას თქმით, 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ ტენდენციად იქცა, რომ ძალადობრივ ჯგუფებს შსს ხელს არ უშლის.

„მედიაში გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანდა, რომ ამ აქციის, პიკეტირების პროცესში ჩართული იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები – „ალტ ინფო,” „კონსერვატიული მოძრაობა“. უკვე მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავის ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ამიტომ მათ სადეპუტატო კითხვებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა ადგილზე მისული პოლიციის და ადგილობრივი პოლიციის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან უმოქმედობის ფაქტის თაობაზე.

კაციტაძეს კი მიმართეს კითხვით, დაიწყო თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი გამოძიება ადგილზე მისული პოლიციის და ადგილობრივი პოლიციის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის და/ან უმოქმედობის ფაქტის თაობაზე.


გუშინ, 15 იანვარს, ყვარელში, უსაფრთხოების ზომების გამო, ორგანიზატორებს მოუწიათ, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაეუქმებინათ. მიზეზი იქ შეკრებილი უცხო პირები იყვნენ, რომლებმაც გზა გადაკეტეს. როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, ნიკა გურინმა უთხრა ნეტგაზეთს, უცხო პირები ნახევარი საათით ადრე “კოორდინირებულად” მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ლექცია უნდა გამართულიყო და შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს:“ისინი იდგნენ, და ეუბნებოდნენ, რატომ მიდიხარ, არ გრცხვენია, რომ მიდიხარო?! ძირითადად ბავშვებს ეუბნებოდნენ ამას. როდესაც ბატონი ლევანი მოვიდა, ფიზიკურად ვერ შემოვიყვანეთ, რადგან შემოსასვლელში იდგნენ…იძახდნენ, ჩვენ ერეკლეს შვილიშვილები ვართო, ახსენებდნენ, თითქოს ლგბტ სწავლებისთვის იყო ჩამოსული. მსგავს მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, – განაცხადა ნიკა გურინმა. პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია ჩაუშალეს “ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” კახეთის განყოფილების წევრებმა.