„ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“ – სასწრაფოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს

დღეს, 11 იანვარს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს.

ისინი თვეებია ხელფასების გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ბოსტოღანაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, სასწრაფოს თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მათი პროტესტი ჩაახშონ.

„ჩვენ ვითხოვთ ისევ და ისევ ხელფასის მატებას, ღირსეულ ხელფასს. დღევანდელი ხელფასით ცხოვრება არის შეუძლებელი. ეს მდგომარეობა არის გაუსაძლისი. ვაპროტესტებთ იმ ზეწოლებს და გაუარესებულ მდგომარეობას, რაც ამ მომენტში არსებობს სასწარფო სამდიცინო დახმარების ცენტრში. დღეს სასწრაფოს არცერთ მანქანას არ აქვს დაზღვევა, არცერთ თანამშრომელს, არც ექიმს, არც მძღოლს… არ აქვს დაზღვევა.

აღსანიშნავია, რომ 10 წლის განმავლობაში ჩვენ საახალწლოდ მეცამეტე ხელფასი ყოველთვის გვქონდა 100%-ით, წელს იყო [ხელფასის] 70% და ძალიან გასაკვირია ეს “,- განაცხადა გიორგი ბოსტოღანაშვილმა.

დასაქმებულების სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების შესახებ განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა.

მათი განცხადებით, ინფორმაცია, რომ თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი თქმით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით რიგი ღონისძიებები გატარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აცხადებს:

„ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ცენტრის თანამშრომლები ინფორმირებული არიან. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრის თანამშრომლებს გაუუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ავტომობილების დაზღვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაზღვეულია ცენტრის ავტოპარკში არსებული ყველა ავტომობილი. ავტომობილების დასუფთავების სამუშაო, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

მათივე თქმით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა.

როგორც ისინი აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში.