ახალი ამბები

უკრაინამ საქართველოს 2008-ში გადაცემული Buk-ის გადაცემა სთხოვა — კასიანოვი

9 იანვარი, 2023 • 1858
უკრაინამ საქართველოს 2008-ში გადაცემული Buk-ის გადაცემა სთხოვა — კასიანოვი

უკრაინამ საქართველოს მიმართა სამხედრო შეიარაღების გადაცემის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამის შესახებ თავის სტატიაში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი წერს.

კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინამ საქართველოსგან ითხოვა 2008 წელს გადაცემული სარაკეტო კომპლექს Buk-ის, ასევე, ანტისარაკეტო სისტემა „ჯაველინების“ გადაცემა, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

კასიანოვისვე ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინისთვის გადაცემული „ჯაველინების“ სანაცვლოდ საქართველოსთვის მიეწოდებინა იარაღის ახალი პარტია, მაგრამ საქართველო მაინც არ დათანხმდა ამ შეთავაზებას.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტატიაში მიუთითებს მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მიზნებით და უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მისცეს.

ანდრეი კასიანოვი როგორც წერს, პრობლემად მიაჩნია საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის კარის ფართოდ გაღება და სანქციებთან არმიერთებაც.

უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობების აღწერისას ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსენებს საქართველოს ხელისუფლების არაერთ დახმარებას, მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარების გაცემას, მათ უფასოდ გაჩერებას სასტუმროებში, საჯარო სკოლებში უკრაინული სექტორების გახსნას და უკრაინისთვის ინდუსტრიული დანიშნულების, მაღალი სიმძლავრის გენერატორების გადაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი