გაცდენების გამო წელს დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

მიმდინარე წელს არასაპატიო მიზეზით საპარლამენტო სხდომებისა და ღონისძიებების გაცდენის გამო დეპუტატების ხელფასიდან დაქვითული თანხა შეადგენს დაახლოებით 80 ათასს ლარს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 80 ათასი ლარიდან 77% (დაახლოებით 60 ათასი ლარი) ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, დეპუტატების ხელფასიდან დაქვითული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.