ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთის მოსალოდნელი კრახი ახალ შესაძლებლობებს აჩენს” – ინტერვიუ ალეკო ცქიტიშვილთან

27 დეკემბერი, 2022 • 3708
“რუსეთის მოსალოდნელი კრახი ახალ შესაძლებლობებს აჩენს” – ინტერვიუ ალეკო ცქიტიშვილთან

რა შეცვალა და რა შესაძლებლობები შექმნა უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შიდა კონფლიქტების გადაჭრის თუ ტრანსფორმაციის საკითხში, რას აკეთებენ ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ექსპერტები საქართველოში და სად არის საქართველოს კონფლიქტების გადაჭრის გასაღები? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან საუბრობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.


უკრაინის ომმა, რომელმაც ახალი რეალიები შექმნა სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც, წინა პლანზე წამოწია ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში კონფლიქტის მოგვარების პროგნოზებზე დისკუსიაც. რუსეთის უკრაინაში მარცხის ფონზე, ქართულ მხარეს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სულ უფრო ხშირად ვხვდებით „საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების“ გარდაუვალობაზე საუბრებს. აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში კი საფრთხეზე უფრო აქტიურად მსჯელობენ. როგორ ფიქრობთ, აქვთ შიშის საფუძველი აფხაზებს და ოსებს, თუ უფრო მანიპულაციურია ეს განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ?

უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის ვერაგულმა თავდასხმამ და ენით აუწერელმა ომის დანაშაულებმა, რაც ამ სამხედრო ინტერვენციას მოჰყვა რუსეთის მხრიდან, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ბოროტების იმპერია ისევ ცოცხალია, თავისი იმპერიული, არაადამიანური მისწრაფებებით თუ გეგმებით. ამ ომმა მსოფლიოს, ასევე, ახლებურად დაანახა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და თუკი კიდევ ვინმეს კითხვები ჰქონდა და რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა ყველასთვის გასაგებია რუსეთის როლი და მიზნები ამ ომში. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაულები რუსეთის და მის მიერ მართული დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არის ჩადენილი.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ინსპირირებული 90-იანი წლების და შემდგომი კონფლიქტების გადაწყვეტას, აქამდეც არსებობდა ბევრი შესაძლებლობა, რომ საქართველოს სახელმწიფო, ხელისუფლება და საზოგადოება შეთანხმებულიყო ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებზე და დაწყებულიყო რეალური, ინტენსიური დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან – „მხარეებთან“, როგორც კონფლიქტოლოგები ამბობენ  და ოფიციალურ დოკუმენტებშიც ეს ტერმინია გამოყენებული.

თუმცა, საქმე-საქმეზე როცა მიდგება, ჩვენი დიპლომატია და დიალოგი ამოიწურება ერთადერთ მხარესთან – რუსეთთან სრულიად უშედეგო და არაფრის მომცემი მოლაპარაკებებით, რომელსაც დასასრული არ უჩანს. აფხაზური და ოსური მხარეები კი ამოვარდნილია ამ მოლაპარაკებებიდან. რა თქმა უნდა, გასაგებია ლოგიკა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები რუსეთის გავლენის ქვეშ არიან და სამართლებრივად ლეგიტიმაცია არა აქვთ, მაგრამ ამავე ლოგიკით არც რუსეთს არ უნდა ველაპარაკებოდეთ, რომელსაც საერთაშორისო დანაშაულებში ვდებთ ბრალს და დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილი გვაქვს, თანაც, რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ამ მოლაპარაკებებით მხოლოდ დრო გაიყვანოს და კონფლიქტები არასოდეს გადაწყდეს.

უკრაინის მიერ რუსეთის თავდასხმის წარმატებული მოგერიება და რუსეთის მოსალოდნელი კრახი ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის და ამ ვითარებაში ახლა მაინც უნდა დავიწყოთ რეალური დიალოგი პირდაპირ აფხაზებთან და ოსებთან. თუკი რუსეთი დამარცხდება და იმპერია საბოლოოდ ჩამოიშლება, საქართველო უნდა მოემზადოს სწორედ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისგან განთავისუფლებისთვის.

სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ  მძლავრია პოზიცია, რომ „იარაღის ძალით წართმეული, იარაღის ძალითვე უნდა დავიბრუნოთ“. ასეთი მილიტარისტული რიტორიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების იდეას, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურად ახმოვანებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი კეთდება.

„ტერიტორიების“ შეიარაღებული იერიშით დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში იყო მსჯელობა და ამ გზას, სამწუხაროდ, ჰყავს მომხრეები, მათ შორის – ქართველ პოლიტიკოსებშიც. ასევე, მსგავსი მოწოდებები გაისმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან. ჩვენი უკრაინელი მეგობრები საქართველოს სიტუაციას თავის სიტუაციას ადარებენ, როცა მტერი ერთმნიშვნელოვნად არის აგრესორი რუსეთი და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის ამოცანაც შესაბამისად მარტივია. საქართველოში ეს ასე მარტივად არ არის, რადგან რუსეთის წაქეზებით საქართველოს სახელმწიფო კონფლიქტშია საკუთარ მოქალაქეებთან – აფხაზებთან და ოსებთან… შესაბამისად, მათ ამ ქვეყნიდან ვერ გავყრით და ვერ გავაქრობთ. ამ რეალობის პირობებში, რეალური შიშები აქვთ აფხაზებს და ოსებს, რადგან, ერთი მხრივ, მილიტარისტული რიტორიკა ძლიერია, რაც უჩენთ შიშს, რომ საქართველო ჯარით „დაიკავებს“ ამ ტერიტორიებს, მეორე მხრივ კი, მათ არავინ ელაპარაკება და არ ეუბნება, რუსეთი როცა დამარცხდება და დღის წესრიგში დადგება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია, ეს როგორ მოხდება.

სამშვიდობო დღის წესრიგი, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგი, „წარსულის გააზრების“ საკითხებზე შეხვედრები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების დამსახურებით მიმდინარეობს, თითქოს, ნაკლებად არის თანხვედრაში დღეს საზოგადოების განწყობებთან, რომელიც, ალბათ, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო პოლიტიკასაც ქმნის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე. საკმარისია კი ეს მცირე საექსპერტო წრე იმისთვის, რომ ქვეყანამ არ იფიქროს ომზე?

ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური, ასევე – სამმხრივი (ქართულ-აფხაზურ-ოსური) სამშვიდობო დიალოგი საერთაშორისო ინსტიტუტების, მეგობარი ქვეყნების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ დიალოგს აქვს დიდი ხნის ისტორია, მაგრამ მონაწილე პირთა წრე მართლაც შეზღუდულია.  ადამიანის უფლებათა ცენტრი, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები, ვინც კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, ნდობის აღდგენასა და შერიგებაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ, საზოგადოების რაც შეიძლება მეტმა ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა ამ შეხვედრებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ დიალოგის შედეგები მაინც ნაკლებად საგრძნობია და საჭიროა მეტი რესურსების მობილიზება, საზოგადოების მეტი ჩართულობა.

ამ პროცესში მთავარი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად უნდა დაგეგმოს, როგორ მიიღოს სახელმწიფომ შედეგი და მსგავსი დიალოგი არ დაემსგავსოს წყლის ნაყვას. მოდით, შევადაროთ თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოველწლიურ ბიუჯეტს. ათჯერ და მეტჯერ ნაკლებია, როგორც წესი.

რა თქმა უნდა, თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტს ძვირი უჯდება და ლოგიკურია ის ყოველწლიური ხარჯები, მით უფრო – უკრაინის ომის შემდეგ გამძაფრებული საფრთხეებიდან გამომდინარე. ამავე დროს, არც შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესია ასე „იაფი“ და ბიუჯეტის ამ დისბალანსიდანაც ჩანს, თუ რატომ მიმდინარეობს შერიგების პროცესი ასე ნელა და, ფაქტობრივად, მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით.

სამშვიდობო დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მეორე მხრივ, რეგიონში და არამხოლოდ, მომსწრე ვართ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების პრეცედენტების, რაც მოქალაქეების ნაწილს უჩენს განცდას, რომ მშვიდობიან დიალოგზე მეტად სამხედრო გზა მოიტანს გამარჯვებას. რას ფიქრობთ ამაზე?

საქართველოში არსებული კონფლიქტების სამხედრო გზით გადაჭრაზე საუბარი ნიშნავს, რომ ვერაფერს ვსწავლობთ წარსულის გაკვეთილებიდან. თავის მხრივ, ეს სწორედ იმ პრობლემას უკავშირდება, რომ არ მომხდარა წარსულის გააზრება და შეფასება.

ახალი ომი მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს კონფლიქტს, მოიტანს ახალ სისხლს და ცხედრებს, რის შემდეგაც დაპირისპირებულ საზოგადოებებს ისევ თავიდან მოუწევს ნდობის აღდგენაზე და შერიგებაზე მუშაობის დაწყება. ამიტომ დღესდღეობით საქართველო მხოლოდ საკუთარი ისტორიიდან და დაპირისპირებული ხალხების ახლანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს.

თქვენი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა ცენტრი – სხვა საკითხებთან ერთად, აქტიურად მუშაობს „ნდობის აღდგენის და შერიგების“ მიმართულებითაც, რაც მოიცავს მხარეებს შორის დახურულ შეხვედრებსაც. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს? რაზე საუბრობთ და რა შედეგები აქვს ამ შეხვედრებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში? [საზოგადოებაში ხშირად არის განცდა, რომ მსგავსი შეხვედრები არაფრის მომცემია საბოლოო ჯამში].   

ძალიან რთული პროცესია ეს დიალოგი და ამავე დროს – ხანგრძლივი, მრავალწლიანი ისტორია აქვს. უმეტესწილად, მსგავსი დახურული შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციები ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადოებების საერთო პრობლემებს. ვცდილობთ, ნაკლებად შევეხოთ ისეთ საკითხებს, რაც უფრო პოლიტიკოსების და დიპლომატების გადასაწყვეტია. თანაც ჩვენ, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვხვდებით.

ამავე დროს, რიგი თემები, რაზეც დიალოგის მონაწილე ქართული ორგანიზაციები ვმუშაობთ, თავისთავად მაინც უკავშირდება პოლიტიკას, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციები და წლების განმავლობაში პრობლემად რჩება, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიალოგში ხელისუფლების წარმომადგენლები ძალზე იშვიათად მონაწილეობენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი პროექტით მომზადდა ანგარიში – კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებრივი ანალიზი, 2022.

ანგარიშში გაანალიზებულია ეთნიკურად ოსი პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი და ქონებრივი რესტიტუციის პრობლემები. ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე სწორედ ეს ანგარიში გავუზიარეთ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო აქტივისტებს. შეხვედრაზე, საკმაოდ მწვავე დისკუსიის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა, მოგვესმინა მათი პოზიციები რესტიტუციის თემაზე. ცხადია, საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გამოდევნილი ქართველების ქონების რესტიტუციის საკითხსაც და მოვისმინეთ, რას ფიქრობენ ამაზე ჩვენი ოსი კოლეგები.

ჩემთვის მნიშვნელოვანი და დადებითი ემოციების მომგვრელი იყო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადება, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ამაზე სამხრეთ ოსეთშიც უნდა მიმდინარეობდეს დისკუსია. ამ შეხვედრიდანაც გამოჩნდა, რომ არსებობს დიალოგში პოლიტიკოსების ჩართულობის დეფიციტი. ასევე – დავინახეთ, რომ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიცაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუცია, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს ჩამოყალიბებული გეგმა, თუ რა გზებით უნდა წარიმართოს ეს პროცესი და როგორ უნდა შეასრულოს სახელმწიფომ ის ვალდებულება, რაც ევროსაბჭოს წინაშე კანონით აქვს აღებული.

სწორედ ამიტომ, ამჟამად მიმდინარე პროექტით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით ახორციელებს, ჩართულია რუმინეთის მშვიდობის ინსტიტუტის – PATRIR-ის პრეზიდენტი და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი (DPO), მედიაციის, მშვიდობის მშენებლობისა და სამშვიდობო პროცესების უფროსი საერთაშორისო ექსპერტი კაი ბრანდ-ჯაკობსენი. ასეთი დონის მედიატორების ჩართულობაზე, კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას აქამდეც ეზრუნა.

ასევე, პროექტი ითვალისწინებს ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას დახურულ შეხვედრებში, სადაც მათ შეუძლიათ, პირდაპირ მოისმინონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესთან დაკავშირებით.

კონფერენციების დროს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში თქვენი ორგანიზაციის მიერ შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე თბილისში ჩატარდა,  საუბარი იყო გარკვეული კოალიციის შექმნაზეც. რა ეტაპზეა ეს პროცესი და რატომ არის მისი შექმნის საჭიროება?

არც ეს პროცესია ადვილი, ვინაიდან შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსაც გვაქვს ჩვენი პრობლემა – ცალ-ცალკე მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, გვაქვს სისტემატური უერთიერთობა და თანამშრომლობა აფხაზ და ოს კოლეგებთან, მაგრამ ამ თანამშრომლობის დახურული ფორმატიდან გამომდინარე, საზოგადოებას ინფორმაციას სრულყოფილად ვერ ვუზიარებთ. ამიტომ პროცესში საზოგადოების ჩართულობაც ვერ ხერხდება.

აუცილებელია, ძალების გაერთიანება და ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომლის დახმარებითაც კონსოლიდირებულად უფრო აქტიურად ვიმოქმედებთ და შედეგიც უფრო ხელშესახები გვექნება. პლატფორმის შექმნის იდეა უკვე არსებობს და ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ მას ხორცი შეესხას. ამავე დროს, ერთ-ერთ პირველი რიგის ამოცანად გვესახება, საზოგადოებამ სწორად გაიაზროს წარსული, რამაც უნდა გააჩინოს ნდობის აღდგენის შესაძლებლობები.

დამკვირვებლის პოზიციიდან თუ შეხედავთ საქართველოს კონფლიქტებს, სად არის ამ კონფლიქტების გადაჭრის გასაღები?

კონფლიქტის გასაღები არის თბილისში. უნდა დავინახოთ, რომ რუსეთთან ე. წ. მოლაპარაკებები უშედეგოა და ვეცადოთ, ველაპარაკოთ პირდაპირ აფხაზებს და ოსებს, ვისთან ერთადაც საუკუნეებია, ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში და სამომავლოდაც ვაპირებთ, ერთად ვიცხოვროთ.


მასალების გადაბეჭდვის წესი