ახალი ამბები

ყაზახეთმა უკრაინას 41 გენერატორი გადასცა

26 დეკემბერი, 2022 •
ყაზახეთმა უკრაინას 41 გენერატორი გადასცა

ყაზახეთმა უკრაინის საავადმყოფოებს დიდი სიმძლავრის 41 გენერატორი გადასცა.

ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

გენერატორებს გადასცემენ იმ რეგიონებს, მათ შორის მიკოლაევს, ხერსონსა და დნიპროპეტროვსკს, რომლებსაც რუსეთი ბომბავს და ელექტროენერგია შეფერხებებით ან სულაც არ მიეწოდება.

„თითოეული გენერატორი არის ინტენსიური ზრუნვის პალატებისა და ჟანგბადის სადგურების მუშაობის გარანტი“, – განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.

ყაზახეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შემდეგ, მეექვსე სახელმწიფოა, რომელმაც უკრაინას გენერატორები გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი რუსეთის ფედერაციის დეკლარირებულ მოკავშირედ განიხილება და რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო გაერთიანების წევრია, პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიამდე აცხადებდა, რომ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებდა.

ყაზახეთმა უკრაინას ომის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარებაც გაუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი