ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

უნდა ელაპარაკოს თუ არა თბილისი დე ფაქტო მთავრობებს რუსეთის გარეშე?

22 დეკემბერი, 2022 • 3257
უნდა ელაპარაკოს თუ არა თბილისი დე ფაქტო მთავრობებს რუსეთის გარეშე?

“არის თუ არა აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელი? – არ არის!” – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 2022 წლის 15 დეკემბერს გააკეთა. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის “პირდაპირ დიალოგთან” დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასა და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. ვინ როგორ ხედავს კონფლიქტის მხარეებთან საუბრის ფორმატს და რისი ეშინია ხელისუფლებას? 

დღედღეობით, ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეთა დიალოგს ითვალისწინებს, “ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია”, რომელიც ​​2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. თუმცა პროცესში მონაწილეობს ასევე რუსეთი. 

რას ამბობს საქართველოს მთავრობა “პირდაპირ დიალოგზე” – ტენდენციები

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან “პირდაპირი დიალოგის” საჭიროების საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების უკანასკნელ განცხადებებში, რომელსაც სხვადასხვა ფორმატში პერიოდულად ახმიანებენ ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, სულ უფრო ხშირად ვხვდებით ტერმინს “დეპოლიტიზებული დიალოგი”,  რომელიც დე ფაქტო მთავრობებთან პირდაპირ კომუნიკაციას გამორიცხავს. ის, რომ დე ფაქტო მთავრობებთან, მათი ლეგიტიმაციის პრობლემის გამო, საქართველოს ხელისუფლებას “პირდაპირი დიალოგი” არ ექნება, ამაზე ღიად აცხადებენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები სხვადასხვა შეხვედრაზე. 

“მეც ვიყავი პოლიტიკაში და არ მესმის, როგორ შეიძლება პოლიტიკაში მყოფი პირი, მინისტრი ახორციელებდეს “დეპოლიტიზებულ დიალოგს”? მე და თქვენ რომ ვახორციელებდეთ ასეთ დიალოგს, გასაგები იქნებოდა. რა თქმა უნდა, დე ფაქტო მთავრობები კონფლიქტის მხარე არიან. რატომ გვეშინია ელემენტარული სიტყვების თქმა. დიახ, პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ. ან როგორ აპირებენ სამშვიდობო პოლიტიკის განხორიცლებას დეპოლიტიზებული დიალოგით”, – ამბობს კონფლიქტოლოგი და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას. 

თუმცა წლების წინ ტერმინ დეპოლიტიზებული დიალოგის” ნაცვლად აფხაზებისა და ოსების მიმართ გავრცელებულ განცხადებებში ხელისუფლება იყენებდა “დიალოგს”, “საგნობრივ დიალოგს” ან “პირდაპირ დიალოგს”:

მზად ვართ, ახალი იმპულსი მივცეთ ომით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზებულ დიალოგს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული, უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზანს დაეფუძნება”, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2022 წლის 15 დეკემბერს, პარლამენტში სამინისტროს საქმიანობაზე საუბრისას. 

“დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირ დიალოგზე” საუბრობდა მინისტრი 2021 წელსაც – “საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის სრული მზაობა, მათ შორის – 2013 წლიდან მოყოლებული, და კვლავ გააგრძელებს დინამიკური ნაბიჯების გადადგმას ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით”.

ამასთან, კიდევ ერთი წლით ადრე იმავე მინისტრის, იქამდე კი მისი წინამორბედის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებებში ტერმინი “დეპოლიტიზებული” ნაკლებად ისმოდა – „მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი და მდგენელი ჩვენი შერიგების პოლიტიკის. ცალსახად აღსანიშნავია, რომ მხარს ვუჭერთ და მზად ვართ, რომ გავაფართოოთ არსებული დიალოგი ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების თემებზე, იმ საერთო ინტერესების თემებზე, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ”, – ამბობდა თეა ახვლედიანი 2020 წლის დეკემბერში პარლამენტის ტრიბუნიდან. 

ყოფილ მინისტრ ქეთევან ციხელშვილს, რომელიც მუდამ “პირდაპირი დიალოგის” საჭიროებაზე საუბრობდა, მედიასთან რამდენჯერმე დაზუსტებაც მოუწია, რომ “პირდაპირ დიალოგში” გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგს და არა დე ფაქტო მთავრობებთან. 

“საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან, საზოგადოებასთან ფართოდ, ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა”, – აცხადებდა ის 2018 წელს.

თუმცა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგოს შესახებ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავად პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც რამდენჯერმე უსაუბრია.

“თბილისი მზად არის აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის და საქართველოს უნდა ეყოს ძალა, რომ აპატიოს და ასევე აღიაროს საკუთარი შეცდომები”, – აცხადებდა მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან აგვისტოს ომის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე 2013 წელს. 

რაც შეეხება კიდევ უფრო წინა პერიოდს, კონფლიქტების დარგის ექსპერტები იხსენებენ, რომ ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ და 2008 წლამდე არსებობდა დიალოგის ფორმატები, რომელიც ითვალისწინებდა სტატუსის განხილვების გარეშე მხარეთა რეგულარულ დიალოგს – მაგალითად, შლაინინგის პროცესი [2000-2007], სადაც მონაწილეობდნენ მხოლოდ ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები და ექსპერტები, მესამე მხარის – რუსეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე.

“პირდაპირი მოლაპარაკება შეუძლებელია”?

“არის თუ არა აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელი? – არ არის! – სტრატეგიული გეგმა, რომელიც რუსეთს გააჩნია, ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს არ ითვალისწინებს!” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რამდენიმე დღის წინ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოსმენისას გააკეთა, რასაც კონფლიქტოლოგი და შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი გამაოგნებელს უწოდებს.

“ეს არის გამაოგნებელი და საშინელი განცხადება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მართავს ჩვენს პროცესებს და საქართველო ამ პროცესში არსად ფიგურირებს. ასეც რომ ფიქრობდეს, ამის თქმა არასწორია. მით უმეტს, ეს არ არის სიმართლე. ამ განცხადებით ჩანს, რომ ჩვენ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, ვაწარმოოთ დიალოგი, რადგან, თურმე, რუსეთი არ ითვალისწინებს ამას, ეს არის ქვეყნის უუნარობა და აღიარება, რომ არაფერს წარმოვადგენთ”, – ასე აფასებს პაატა ზაქარეიშვილი ვოლსკის განცხადებას.

აქვე ზაქარეიშვილი იხსნებს აფხაზური მხარის ქართველებთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას, რომელსაც თბილისიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია.

“გადის დრო და საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება”, – აცხადებდა 2018 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამინდელი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა. 

ჟენევის ფორმატის მიღმა ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე, თითქმის 2021 წლამდე, სხვა განცხადებებიც ვრცელდებოდა სოხუმში. აფხაზურმა მხარემ თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე პუნქტი საგარეო პოლიტიკის ახალ სტრატეგიაშიც გაწერა, მაგრამ მოგვიანებით ეს მუხლი ამოიღეს. 

სოხუმის არცერთ ინიციატივაზე ქართულ მხარეს მკაფიო და ღია პასუხი არ გაუცია. მეტიც, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე ილაპარაკა, თქვა, რომ მათთან დიალოგში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო: „ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა. ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“.

რატომ არის საჭირო პირდაპირი დიალოგი – რას ფიქრობენ კონფლიქტების ექსპერტები

“დღეისათვის შექმნილი ვითარების გამო, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები განხორცელდეს კონფლიქტებთან მიმართებაში და ჩემი აზრით, თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ესაუბრონ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს. როდის, როგორ და რა მოცემულობით – ეს უკვე მსჯელობისა და შეთანხმების თემაა”, –  ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, ნინო კალანდარიშვილი.

ნინო კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი დიალოგისთვის წინასწარი სამუშაო და გარკვეული კულუარული შეთანხმებებია საჭირო. 

“ამასთან, აქ წინ მოდის დიალოგის მონაწილეების პოზიციონირების თემა, ანუ მონაწილეებში იგულისხმება აფხაზები და ოსები, თანამდებობრივი სტატუსი. ცხადია, არც მათმა სტატუსმა და არც შეხვედრის ფორმატის სახელდებამ აღიარების ილუზია არ უნდა შექმნას. აქ კონფლიქტის მხარეებად წარმოჩენა ოპტიმალური იქნებოდა. როგორც თავად შეხვედრის, ასევე ამ შეხვედრის საკუთარ საზოგადოებებში გაცხადების… და უმნიშვნელოვანესი – რა მოცემულობით? როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ და ოსურ მხარეებს არა მარტო მათი თვალით დანახულ-შეფასებული აუცილებლად განსახილველი საკითხების ჩამონათვალი უნდა ჰქონდეთ მომზადებული, არამედ მეორე მხარის მიერ მისაღები სარგებლისა და მეორე მხარის საჭიროებების გააზრების მზაობისთვისაც უნდა იყვნენ მზად. სხვა შემთხვევაში ამ ტიპის შეხვედრა იქნება შეხვედრა შეხვედრისათვის და კონფლიქტზე მუშაობის ილუზია. თუმცა ილუზია და სიმულაცია შეიძლება სჯობდეს უმოქმედობასა და უძრაობას”, – ამბობს ნინო კალანდარიშვილი.

პირდაპირი დიალოგის უალტერნატივობაზე, მაგრამ მხარეების მიერ პოლიტიკური დიალოგის მზაობის არქონაზე საუბრობს კონფლიქტების მკვლევარი ვანო აბრამაშვილი:

“პირდაპირი დიალოგი თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს შინაარსობრივი და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული და არა ფორმალური, რათა იმთავითვე არ დაკარგოს სერიოზულობა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, არა მგონია, რომელიმე მხარე ამ მომენტისთვის მზად იყოს პოლიტიკური დიალოგის ღიად დასაწყებად. შესაბამისად, ვფიქრობ, სექტორული დიალოგი უფრო ეფექტური იქნება და ეს შემდგომ გვიჩვენებს, რამდენად არის სივრცე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსითვის. ჩვენი მხრივ, არასამთავრობო სექტორი მუდმივად მზად ვართ ამგვარი პირდაპირი დიალოგის სივრცის მოსამზადებლად”.

იმის გამო, რომ უშუალოდ ხელისუფლების წევრებისგან “პირდაპირ დიალოგთან” დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მიღებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატიდან უარი მივიღეთ,  კონფლიქტების სფეროს ექსპერტებისთვის მოგვიწია კითხვის დასმა: რისი ეშინია ხელისუფლებას, როდესაც უარს ამბობს პირდაპირ დიალოგზე?

“ვფიქრობ, ხელისუფლების მიდგომა, არ აწარმოოს პირდაპირი დიალოგი, უკავშირდება იმას, რომ რუსული როლი არ იყოს შემცირებული. თუმცა არ ვიზიარებ აზრს, რომ პირდაპირი დიალოგი რუსეთის როლს შეამცირებდა. საჭიროა, გაიმიჯნოს ეს ორი თემა, რადგან ჩვენი კონფლიქტები რამდენიმეგანზომილებიანია – რუსეთ-საქართველოს, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური. რუსეთი რომც გავიდეს რეგიონიდან, პრობლემები აფხაზებთან და ოსებთან მაინც დაგვრჩება. ჩვენივე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლებლობების ფანჯრები იხსნება და იხურება და გამოყენებაა საჭირო. დღეს, როდესაც დასავლური სამყაროსთვის რუსეთის როლი ნათელია, ამ ფონზე შეგვიძლია, კიდევ უფრო თამამები ვიყოთ და მეორე მხარესთან აქტიურად დავიწყოთ საუბარი”, –  ამბობს ელიკო ბენდელიანი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

თამამი ნაბიჯების აუცილებლობაზე ხშირად საუბრობს შერიგების ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც: “სამწუხარო ფაქტია, რომ ხელისუფლება პრინციპულად და საჯაროდ უარყოფს შექმნილ სიტუაციას და, შესაბამისად – შანსებს. რა შედეგზეა გათვლილი ეს ყველაფერი? ესაა ჩემი მთავარი კითხვა ქართულ მხარესთან.  შედეგი არის ჩიხი. ერთხელ მაინც საჭიროა შეხვედრა თუნდაც მეზობელ სახელმწიფოებში, სადაც ჯერ კიდევ რუსული პასპორტებით ჩასვლას შეძლებენ”.

ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ პირდაპირი დიალოგი ჯერ კიდევ არაა გვიანი: “ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზები დღესაც მზად არიან პირდაპირი დიალოგის. მით უმეტეს, უკრაინის ომის შემდეგ, რომელმაც მათი მოწყვლადობა უფრო კარგად გამოაჩინა. რუსეთის დარტყმის ფონზე ისინიც აუცილებლად მიიღებენ დარტყმას, პირველი რიგში, ეკონომიკურად. ამიტომ, კარგი დროა დავიწყოთ მათთან საუბარი. და თუ არ ველაპარაკეთ, გამოდის, ბოლომდე ვაბარებთ მათ რუსეთს, ხელახლა ხელს ვკრავთ მათ რუსეთის კალთაში მოსახვედრად. მაგრამ ქართული მხარე გამორიცხავს მათთან საუბარს, რაც აბსურდის თეატრია – თუ ჟენევაში ხვდები მათ რუსეთთან ერთად, ცალკე რატომ არ უნდა შეხვდე? მით უმეტეს, კარგად ვიცით ყველამ, რომ რუსების გარეშე აფხაზები და ოსები სხვანაირად ლაპარაკობენ. ევროპელების გარეშეც კი იცვლება მათი რიტორიკა და ქცევები”. 

მიუხედავად სფეროს ექსპერტების მოსაზრებისა, რომ თბილისმა, განცხადებების პარალელურად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას მხარეებთან პირდაპირი კომუნიკაციის დასაწყებად, გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ამ საკითხშია მოსალოდნელი ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება.


მასალების გადაბეჭდვის წესი