ახალი ამბები

„სანდუმ მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტს, რომელიც პატიმრობაშია“ – კობახიძე

22 დეკემბერი, 2022 • 1150
„სანდუმ მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტს, რომელიც პატიმრობაშია“ – კობახიძე

„თვითონ სანდუს ჰყავს მოლდოვის, რა ნომერია არ ვიცი, მეექვსე პრეზიდენტი, თუ არ ვცდები, პატიმრობაში. მაინც რომ შევახსენოთ“, — ასე უპასუხა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაია სანდუს მოწოდებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ.

4 დეკემბერს მაია სანდუმ ტვიტერზე დაწერა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესებით და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგვიანებით, 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, მაია სანდუმ კვლავ გაიმეორა თავისი მოწოდება.

22 დეკემბერს, პარლამენტში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ზელენსკის … ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში“:

„აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი. იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. ხოლო სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, – განაცხადა მან.

მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი, სანდუს წინამორბედი, პრორუსი იგორ დოდონი 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით.

26 მაისიდან იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი