ენმ-ის ბათუმის ოფისის თავმჯდომარეზე თავდამსხმელი დააკავეს

„მთავარი არხის“ ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი.

არხის ინფორმაციითვე, დაკავებულია ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძე, იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

„ნეტგაზეთი“ ელოდება სპეციალური საგამოძოებო სამსახურისგან დამატებით ინფორმაციას.


გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ.

თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც.

შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა.

ფორმულას თანახმად, თავდამსხმელს კიდევ ერთი კაცი ეხმარებოდა, რომელიც იქვე მდებარე „ალტ ინფოს“ ოფისიდან გამოვიდა.


გარეკანის ფოტო: მთავარი არხი