ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპელთა 71 პროცენტი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ხოლო 70 პროცენტი თანახმაა, ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს.
კვლვევა, სახელწოდებით „ევროკავშირის რეაქცია ენერგეტიკულ გამოწვევებზე“ – ევრობარომეტრმა ნოემბრის თვეში ჩაატარა ევროკომისიის დაკვეთით. კვლევისას 27 ქვეყანაში გამოიკითხა 26 337 რესპონდენტი, ცდომილების ზღვარი კი 3.1-4.4 პროცენტებს შორის მერყეობს.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მასშტაბით გამოკითხულთა 42 პროცენტი სრულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, 29 პროცენტი უფრო მეტად უჭერს, ხოლო 23 პროცენტი ნაწილობრივ ან სრულად არ ემხრობა ასეთი სანქციების დაწესებას.
გამოკითხულთა რიცხვი, რომელიც სანქციებს სრულად უჭერს მხარს, 13 პროცენტითაა შემცირებული. შედეგად, 4 პროცენტითაა გაზრდილი ისეთი რესპოდენტების რაოდენობა, რომლებიც სანქციებს მეტწილად უჭერენ მხარს და 7 პროცენტით გაიზარდა ისეთების რიცხვი, რომლებიც სანქციებს არ ემხრობიან.
ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, უნგრეთი და სლოვაკეთი, გამოკითხულთა 50%-ზე ნაკლები ემხრობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
კვლევის მიხედვით, გაერთიანების მასშტაბით დაახლოებით 70 პროცენტი მხარს უჭერს კიევისთვის ფინანსურ დახმარების გაწევას, თუმცა ასეთების რიცხვი, საერთო ჯამში, 10 პროცენტითაა შემცირებული.
ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ფინანსურ მხარდაჭერას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ემხრობა, გამონაკლისს წარმოადგენს უნგრეთი (49%), ბულგარეთი (46%), სლოვაკეთი(45%).
კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 88 პროცენტი მხარს უჭერს ომისგან დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ხოლო 82 პროცენტი ევროკავშირის ტერიტორიაზემათ მიღებას. ევროპელთა მხარდაჭერა მცირდება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ფინანსური დახმარების გაწევის მიმართაც.