მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

აგარის მკვიდრი ნიკა ოსაძე ადგილობრივ პოლიციელებს ცემასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ოსაძემ მთავარ არხს განუცხადა, ადგილობრივმა პოლიციელებმა 17 დეკემბერს დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოსაძის თქმით, პირადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის უფროსმა სოსო გელაშვილმა და თანამშრომელმა გიორგი თურმანიძემ.

მისი ოჯახის წევრების თქმით, ნიკა ოსაძე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება და სწორედ ამიტომ, პოლიციელები მუდმივად ავიწროებენ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს სწავლობს.

განახლება: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ბაწილის “ბ” ქვეპუნქტით. აღნიშნული გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

უწყებისვე ინფორმაციით, გამომძიებლები ადგილზე ჩავლენ აგარაში და გამოკითხავენ ნიკა ოსაძეს, რადგან მას როცა დაუკავშირდნენ, თავდაპირველად გამოკითხვაზე უარი განაცხადა.