ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.
მოგვიანებით, იმავე მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით უნგრული მხარე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავდა.
„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.
ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.
უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, რუსეთისგან იღებს
გაეცანით მასალას აღნიშნული პროექტის შესახებ ნეტგაზეთის არქივიდან:
ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადამცემი ხაზი მართლაც აშენდება, ევროპაში პირველად გახდება შესაძლებელი ენერგიის ექსპორტი, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამოიმუშავებენ.
ამ შემთხვევაში საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს, რომლის პარტნიორიც 2017 წლიდანაა.
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა დაჩქარდეს ნენსკრაჰესის მშენებლობაც.