შევამოწმოთ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები – კახაძე მინისტრს

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრს სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შეამოწმონ.

ამ წინადადებით მან დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა.

„დიაგნოზი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან, ეს არის: ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და ეს არის გართულება, რომელიც გენეტიკასაც მოიცავს, შეძენილსაც და გარე ფაქტორების მოქმედებას და უამრავ რამეს. დიაგნოზს ჰყავს თავის დამსმელი. დიაგნოზი უნდა დაისვას და ადამიანმა ეს დაიცვას. ამ დიაგნოზოის შესაბამისად ტარდება მკურნალობა. ამას ჰყავს დამცველები, ოპონენტები და ექსპერტები.

მე გთავაზობთ ასეთ რამეს და თქვენთვისაც გამარტივებული იქნება, ორივე მხარე, შიდა და გარე პოტენციალი, დავსვათ ეს ადამიანები, ლოგიკურად ვამსჯელოთ საჯაროდ და შეჯერებულ ვარიანტზე გამოვიტანოთ ყველას თვალწინ დიაგნოზი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

რაც შეეხება მოწამვლას, ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა ლადო კახაძემ.