ახალი ამბები

„გადაარჩინეთ მიშა“ — ევროპარლამენტარები

13 დეკემბერი, 2022 • 950
„გადაარჩინეთ მიშა“ — ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახს სოლიდარობის ნიშნად შეხვდნენ,— ინფორმაციას და ფოტოს ამის შესახებ ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან ანა ფოტიგა Twitter-ზე ავრცელებს.

ფოტოზე ჩანან თავად ფოტიგა და ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები), პეტრას აუსტრევიჩიუსი (Renew Europe), მაიკლ გალერი (EPP), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), რასა იუკნევიჩიანე (EPP), ასევე, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, შვილი — ედუარდ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გიორგი ჩალაძე და სხვები, რომელთაც ხელში უჭირავთ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და პლაკატები „გადაარჩინეთ მიშა“.

„ციხეში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაღუპვა მხოლოდ პუტინს მოუტანს სარგებელს, საზიანო იქნება მთელი ქვეყნისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, — წერს ფოტიგა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ექსპრეზზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში 12 დეკემბერს ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტის უფროსი შვილი, ედუარდ სააკაშვილი. მისი თქმით, ოჯახს ეშინია, რომ შესაძლოა სააკაშვილს “რამე საშინელება” დაემართოს, ამის თავიდან არიდებისთვის კი გამოსავალი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებაშია.

ევროპარლამენტში განიხილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ხვალ, 14 დეკემბერს უყრიან კენჭს, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტარებმა და სააკაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგში ბრიფინგი გამართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი