ისტორიაში პირველად მეცნიერებმა ბირთვული სინთეზის რეაქცია წარმატებულად შეასრულეს

ისტორიაში პირველად ამერიკელმა მეცნიერებმა ბირთვული სინთეზის რეაქცია წარმატებულად შეასრულეს და ქსელის ელექტროენერგია მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ექსპერიმენტი აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის მეცნიერებმა ჩაატარეს და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების მიმართულებით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული სინთეზი ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური რეაქციაა, რომელიც იმ პრინციპს იმეორებს, რაც მზესა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარეობს. აღნიშნული რეაქციის დროს ორი ან მეტი ატომი ერთმანეთს ერწყმის და უფრო დიდი ზომის ატომს აყალიბებს, რა დროსაც სითბოს სახით დიდძალი ენერგია გამოიყოფა.

CNN-ის ცნობით, მეცნიერები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცდილობდნენ პროცესის ლაბორატორიაში იმიტირებას. აღნიშნული რეაქციის დროს ბირთვული ნარჩენები არ გამოიყოფა განსხვავებით ატომური რეაქტორებისგან, რაც მათი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს დეიტერიუმი და ტრიტიუმი, წყალბადის იზოტოპები. პროექტის ხელმძღვანელი ხულიო ფრიდმანი აცხადებს, რომ რეაქციისთვის წყალბადის ძალიან მცირე რაოდენობას იყენებენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვულ ენერგიაზე ფიქრისას ადამიანების უმეტესობას ახსენდება ბირთვული ღრუბელი და უზარმაზარი გაგრილების სისტემები, თუმცა ბირთვული სინთეზი განსხვავებული პროცესია. ამჟამად მოქმედ ატომურ სადგურებში ატომის გახლეჩის რეაქცია მიმდინარეობს, რა დროსაც ენერგია გამოიყოფა, სინთეზი კი რამდენიმე ატომის შერწყმას გულისხმობს.

აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბირთვული ენერგია ნულოვანი ემისიის მქონეა, თუმცა პროცესში დიდი რაოდენობის რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება, რომელიც უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და  დასაწყობებას საჭიროებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული კატასტროფები იშვიათობაა, წარსულში რეაქტორების დაზიანებას მომაკვდინებელი შედეგები გამოუწვევია. ამის მაგალითი ფუკუშიმასა და ჩერნობილის კატასტროფებია.

ბირთვული სინთეზის დროს კი ამავე მასშტაბის რისკები არ არსებობს. პროექტზე მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა მართლაც ისტორიულია, გამომუშავებული ენერგია ატომური სადგურის ფუნქციონირებისთვის საკმარისი არაა:

„ეს დაახლოებით იმდენივე ენერგიაა, 10 ჩაიდნით წყალი რომ ადუღდეს. იმისათვის, რომ ატომურ სადგურად ვაქციოთ, მეტი ენერგიის მოპოვება უნდა შევძლოთ“, – ამბობს პროექტის თანახელმძღვანელი ჯერემი ჩიტენდენი.

CNN აღნიშნავს, რომ მეცნიერები მუშაობას სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებენ და ეცდებიან ამოხსნან, როგორ გაიმეორონ აღნიშნული რეაქცია უფრო დიდ მასშტაბზე. ამასთან, შეეცდებიან გაარკვიონ, თუ როგორ შეიძლება პროცესის ღირებულების შემცირება იმგვარად, რომ კომერციული გამოყენებისთვის შესაძლებელი გახდეს.