აბასთუმანში ბოლო 4 წელში პრივატიზებული ფართის 81.1% ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ იყიდა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის თანახმად, აბასთუმანში ბოლო 4 წელში პრივატიზებული ფართობის 91.7% “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა სუბიექტებმა შეიძინეს, 81.1% კი თავად ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა. ამის შესახებ ანგარიში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დღეს, 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანი “ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი” უნდა გამხდარიყო მსოფლიოში.

“ამის შემდეგ, კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის”, – აღნიშნავს TI.

ორგანიზაციის თანახმად, სახელმწიფომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. ამაზე მიუთითებს მთავრობის მიერ 2018 წლიდან დღემდე დახარჯული თანხები, რაც თითქმის 14-ჯერ აღემატება 2012-2018 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს. კერძოდ, TI-ის ცნობით, 2018 წლის აგვისტოდან 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის 249,920,551 ლარი დახარჯა, ამ თანხის 83.1% კი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცნობით, მათ სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე 1,276,000 ლარი აქვთ შეტანილი.

TI-ის ცნობით, მათ შეისწავლეს 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების – მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის – სახელმწიფო შესყიდვები.

“ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების იმ ხელშეკრულებებით ვიხელმძღვანელეთ, რომლებშიც თანხა კონკრეტულად აბასთუმნისთვის იყო გაწერილი. შესაბამისად, კვლევაში ვერ მოხვდებოდა ის შესყიდვები, რომლებიც საერთო საჭიროებისთვის გაფორმდა, თუმცა, კონკრეტული ლოკაცია არ იყო მითითებული”, – განმარტავს ორგანიზაცია.

აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად TI კვლევის ძირითად მიგნებებს ასახელებს:

გარეკანის ფოტო: სასტუმრო “პარაგრაფის” პროექტი აბასთუმანში