ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს “დვიჟოკებს” — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების თემას “წარმოაჩენენ ისე”, თითქოს კიევი ე.წ. დვიჟოკებს ითხოვს. მანვე გააკრიტიკა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც თქვა, რომ თბილისს არ უპასუხია კიევის თხოვნაზე გენერატორებით დახმარებასთან დაკავშირებით.

“საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რომ რა გახდა დვიჟოკების გაგზავნა უკრაინაში… ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს დვიჟოკებს. ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე”, — დასძინა კობახიძემ.

კიევში, რომელიც პერიოდულად რუსული რაკეტებითა და დრონებით იბომბება, ყინვების დაწყების პარალელურად, გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აგროვებენ.

მიზეზი ისაა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

რა თქვა კობახიძემ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გენერატორების საკითხზე 8 დეკემბერს ისაუბრა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ ვერ მოახერხა საქართველომ უკრაინისთვის აღნიშნული მოწყობილობების მიწოდება.

“მაგალითად, მადრიდის რეალმა, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას და ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონა 20 დვიჟოკი გადასცა”, — თქვა მან.

კობახიძის განცხადებით, მაღალი სიმძლავრის გენერატორები საქართველოში არ იწარმოება:

“ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა.

…ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ — არ ვიცი, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა — შეგვიძლია, სადმე, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავაგზავნოთ უკრაინაში”

ჟურნალისტმა “ოცნების” თავმჯდომარეს ჰკითხა, მიდის ამაზე მსჯელობა, რომ სხვა ქვეყანაში შეიძინონ და შემდეგ გადასცენ უკრაინას გენერატორები.

“ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ძალიან დიდი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე,სასპეკულაციოდ საერთოდ არ არის გამოყენებადი ეს თემა… მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს”, — უპასუხა მან.

ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრიი კასიანოვიც, რომელმაც მიმდინარე კვირაში თქვა, რომ ერთი თვის წინ მიმართეს საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით, თუმცა პასუხი კვლავაც არ მიუღიათ.

“კასიანოვი ბრიფინგზე რომ გამოდის, შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია. არ შეიძლება ასეთი სპეკულაციები. უნდა კაცს მეორე ფრონტი და უნდოდეს, რა ვქნათ”, — დასძინა კობახიძემ კასიანოვის მისამართით.

ნეტგაზეთმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 29 ნოემბერს ჰკითხა, იგეგმებოდა თუ არა უკრაინისთვის გენერატორების გადაცემა, თუმცა პასუხი ჯერაც ვერ მიიღო.

იგივე კითხვა 5 დეკემბერს დავუსვით თბილისის მერიას, როგორც კიევთან დაძმობილებული ქალაქი, თბილისი აპირებდა თუ არა ამგვარი მოწყობილობების გადაცემას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

სად იწარმოება და რა ღირს გენერატორები

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნა უპირველესად ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, ამგვარი დახმარების გაგზავნა შეუძლიათ ქალაქებსაც, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქებსაც.

მაგალითისთვის, 200-ზე მეტი ევროპული ქალაქი და თვითმმართველობა აგზავნის უკრაინაში გენერატორებს „იმედის გენერატორების“ ინიციატივის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისი საახალწლო ღონისძიებებზე 10 პროცენტით ნაკლებს დახარჯავდა, რაც 499 420 ლარი და, დღევანდელი გაცვლითი კურსით, დაახლოებით 185 329 დოლარია, მაშინ ეს თანხა საკმარისი იქნებოდა თურქული წარმოების 120-კილოვატიანი დაახლოებით 15 ცალი გენერატორის შესაძენად.

ნეტგაზეთი ესაუბრა საქართველოში გენერატორების ვაჭრობით დაკავებულ რამდენიმე კომპანიასა და პირს, რომელთა თანახმადაც, ამჟამად მსგავსი სიმძლავრის ახალი თურქული გენერატორების საქართველოში შემოტანის საბაზრო ფასი საშუალოდ 12 000 ამერიკული დოლარია.

გასაშუალოებული საბაზრო ფასი მოიცავს ნივთის თურქეთში შეძენის ღირებულებას, საქართველოში ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯებს, ასევე შემომტანი კომპანიისა ან პირის მიერ დაგეგმილ მოგებასაც.

სფეროს წარმომადგენლების თანახმად, ბაზარზე ახალი ევროპული, ამერიკული, იაპონური და კორეული გენერატორები გაცილებით ძვირი ღირს.

ცნობილია, რომ სამოქალაქო ინიციატივა – „გაუზიარე სინათლის“ ფარგლებში, 8 დღის განმავლობაში,  უკრაინაში გასაგზავნად 200 მცირე გენერატორის თანხა შეგროვდა.

კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, 8 დღის განმავლობაში ფული 1176-მა საქართველოს მოქალაქემ გადარიცხა, 9 ადამიანმა გენერატორი პირადად მიაწოდა, რაც უკვე 200 გენერატორია.

რატომ უნდა დაეხმაროს საქართველო უკრაინას გენერატორებით

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის ენერგოგენერატორების გაგზავნა „სწორი ნაბიჯი“ იქნებოდა.

„კარგი იქნება, თუ უკრაინაში ვინმე ოფიციალური პირი ამ გენერატორებთან ერთად ჩავა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, და შეეცდება ეს ურთიერთობები გამოასწოროს. ამისთვის ყველაზე ადეკვატური ფიგურა, ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრია.

მე მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინელებისთვის და ურთიერთობების გამოსწორებისთვის სწორი ნაბიჯი“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, გენერატორების გადაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის გაღიზიანებად“.

„თუ ვინმეს ეშინია, რომ ამით რუსეთი გაღიზიანდება, არასწორია. ეს აბსოლუტურად უწყინარი, ჰუმანიტარული აქციაა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს გაყინვას უკრაინელი მეგობრები“, – აცხადებს ის.

ამავე თემაზე:

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით