ახალი ამბები

კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ მათი ბოროტი განზრახვებით გავაქროთ შობა-ახალი წლის დღესასწაულები

8 დეკემბერი, 2022 • 820
კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ მათი ბოროტი განზრახვებით გავაქროთ შობა-ახალი წლის დღესასწაულები

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქის მერიის საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით “ამაზრზენი პოლიტიკური განცხადებები” კეთდება და “არავის მისცემს უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო დღესასწაულები”.

ამის შესახებ მან დღეს, 8 დეკემბერს მუნიციპალური მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს თარიღები, რომლებიც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საჭიროებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, რომ ადამიანებს მისცენ შობა-ახალი წლის დღეების აღნიშვნის შესაძლებლობა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები – ეს არის ის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული განსაკუთრებით ადამიანი ელოდება. ყველასთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისში ხვალ, 9 დეკემბერს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდება. ამ ღონისძიების პარალელურად დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები მოითხოვენ არა იმას, რომ ახალი წელი არ აღინიშნოს, არამედ იმას, რომ მერიამ შეცვალოს ან გააუქმოს წარწერა – “მშვიდობის ქალაქი”, რომელიც თავისუფლების მოედანზე 29 ნოემბერს განთავსდა.

სწორედ “მშვიდობის ქალაქი” იქნება თბილისის წლევანდელი სლოგანი, რამაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სლოგანი უადგილოა იმ ფონზე, როცა თბილისში ყოველ კვირა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ასვენებენ და უკრაინა რუსეთის მიერ იბომბება.

მასალების გადაბეჭდვის წესი