დაკეტილი მაღაზიები: მასობრივი გაფიცვის I დღე ირანში

მასობრივი გაფიცვისკენ მოწოდებების შემდეგ, 5 დეკემბერს, ირანის რიგ ქალაქებში მრავალი მაღაზია დაიკეტა. 3-დღიანი გაფიცვა დაიგეგმა რეჟიმის საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში, რომელიც მესამე თვეა, მიმდინარეობს.

ვიდეოების მიხედვით, მაღაზიები დაკეტილი იყო თეირანის ბაზარში, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თავრიზში, მეშჰედში, ისპაანსა და შირაზში.

პროტესტი ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე შეიძინა მთლიანად ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე, ხელისუფლების რეპრესიების მიუხედავად, არ წყდება.

#اصفهان، دوشنبه ۱۴ آذر!

مغازه‌داران و بازاریان بازاربزرگ اصفهان به اعتصابات سراسری پیوستند.

مغازه‌ها برای ژینا بسته شده‌اند، برای نیکا، حدیث، سارینا. و برای هزاران انسان بی‌گناهی که بدست سپاهیان پرپر شدند.#اعتصابات_سراسری#مهسا_امینی pic.twitter.com/9gsTJQ8jPs

— Masih Alinejad 🏳️ (@AlinejadMasih) December 5, 2022

გასულ დღეებში აქტივისტები მრავალგზის ავრცელებდნენ პროტესტისა და მასობრივი გაფიცვისკენ მოწოდებებს 5, 6 და 7 დეკემბრისთვის.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მიმართვები, Reuters-ის მიხედვით, შეიცავს მოწოდებებსაც თეირანის ცენტრალურ, აზადის მოედანზე შეკრებისკენ 7 დეკემბერს.

The Guardian-ის მიხედვით, მაღაზიების მეპატრონეები და ტრაილერების მძღოლები 5 დეკემბრის გაფიცვას თითქმის 40 ქალაქში შეუერთდნენ.

უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის მიხედვით, გაფიცვას 19 ქალაქი შეუერთდა ირანის დასავლეთით, სადაც ქვეყნის ქურთი მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს.

#Shiraz is on strikes and shops are closed, videos from #Isfahan,#Kermanshah,#Tehran and tens of other cities show a nationwide strike continues in #Iran

Internet is clowning down in many parts of #Iran by the government to prevent news coming out. #MahsaAmini #IranRevolution pic.twitter.com/9qjPjkq8tE

— Sima Sabet | سیما ثابت (@Sima_Sabet) December 5, 2022

ირანის ხელისუფლება მაღაზიების დახურვას მიაწერს “მეამბოხეთა” მიერ მაღაზიის მეპატრონეთა დაშინებას. მთავრობა ასე ხშირად მოიხსენიებს დემონსტრაციების მონაწილეებს.

წარსულში აგორებული საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, ისლამური რესპუბლიკა ახლაც ამტკიცებს, რომ პროტესტს გარე ძალები მართავენ.

გაფიცვების შემდეგ, საღამოს საათებში, ზოგიერთი ქალაქის ქუჩებში კვლავ გამოვიდნენ მოქალაქეთა ჯგუფები, რომლებიც რეჟიმის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ.

ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA სექტემბერში დაწყებულ აქციებზე 473 მოკლული დემონსტრანტის შესახებ იუწყება, საიდანაც 64 არასრულწლოვანია. ორგანიზაცია საუბრობს 61 დაღუპულზე ირანის უსაფრთხოების ძალების რიგებშიც.

HRANA-ს თანახმად, აქციებთან კავშირში დაკავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

გარეკანის ფოტო: Wana News Agency/Reuters

ამავე თემაზე:

რა ვიცით მორალის პოლიციის “გაუქმებაზე” ირანში