ახალი ამბები

დემნა გვასალიას Balenciaga სკანდალში გაეხვა — რას ედავებიან ესპანურ მოდის სახლს

1 დეკემბერი, 2022 • 4047
დემნა გვასალიას Balenciaga სკანდალში გაეხვა — რას ედავებიან ესპანურ მოდის სახლს

ესპანური მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, მორიგ სკანდალში ეხვევა, თუმცა ამჯერად ვითარება იმაზე სერიოზულია, ვიდრე ის კრიტიკა, რომელიც ქუსლიანი „კროქსების“ შექმნამ ან/და კიმ კარდაშიანის მთლიანად დაფარულმა შავმა კოსტუმმა გამოიწვია Met Gala-ზე. ბრენდს ამჯერად ბავშვთა ექსპლუატაციის წახალისებაში ადანაშაულებენ.

Balenciaga კრიტიკის ქარცეცხლში ორი კამპანიის ფოტოების გასაჯაროების შემდეგ გაეხვა. Balenciaga Gift Shop კამპანიის ფარგლებში ბრენდისთვის ფოტოები იტალიელმა დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა გაბრიელ გალიმბერტიმ გადაიღო, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი ფოტოსერია, სადაც ბავშვები თავიანთ სათამაშოებთან ერთად იყვნენ გამოსახული, თუმცა ფოტოგრაფს წარსულში არ უთანამშრომლია მაღალი მოდის ბრენდებთან.

Balenciaga-სთვის გადაღებულ ფოტოებზე ექვსი ბავშვია გამოსახული, რომლებსაც ხელში უკავიათ ბრენდის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან სათამაშო დათვის ფორმის ხელჩანთები. დათვებს ჩაშავებული თვალები აქვთ და ბადისგან შეკერილი მაისურებით და ტყავის სახელოებით არიან შემოსილი. ფოტოებში ასევე ჩანს ღვინის ჭიქები და სხვა სასაჩუქრე ნივთები. როგორც NY Times-წერს, ფოტოგრაფის თქმით, გადაღებისას რეკვიზიტები Balenciaga-ს პერსონალმა შეარჩია,

მეორე კონტრავერსული კამპანიის ფოტოები, სახელწოდებით Garde-Robe, ბრენდის ოფიციალურ გვერდებზე პირველიდან 5 დღის შემდეგ, 21 ნოემბერს გამოჩნდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ სარეკლამო ფოტოებზე აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების ამობეჭდილი მასალები.

გამოცემა წერს, რომ ფოტოგადაღება ივლისში გაიმართა და მასში მონაწილეობას ისეთი მოდელები იღებდნენ, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, ნიკოლ კიდმანი და იზაბელ იუპერი. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც Balenciaga-სა და Adidas-ის კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ჩანთა ჩანდა, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილების ამობეჭდილი ვერსიაც მოჩანდა, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხება. აღნიშნული კამპანიების გამო ბრენდი მომხმარებლებმა გააკრიტიკეს და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის რეკლამირებაშიც დაადანაშაულეს.

წინააღმდეგობრივი კამპანიის გამო პირველი ბოდიში Balenciaga-მ 24 ნოემბერს გაავრცელა და განაცხადა, რომ Gift Shop-ის კამპანიის მასალებს საკუთარი სოციალური ქსელებიდან ხსნიდა.

კომპანიის განცხადებით, დათვის ფორმის ჩანთები ბავშვებთან ერთად არ უნდა გადაეღოთ. რამდენიმე საათში კი Balenciaga-მ მორიგი განცხადება გაავრცელა, ამჯერად მეორე კამპანიაზე:

„ბოდიშს ვიხდით ჩვენს კამპანიაში შემაშფოთებელი დოკუმენტების გამოჩენის გამო. ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით და ვგეგმავთ გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები იმ პირების მიმართ, რომლებიც გადასაღებ მოედანზე რეკვიზიტებზე იყვნენ პასუხისმგებელი, მათ შორის, თანხმობის გარეშე ნივთების განთავსების გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბავშვებზე ყველა სახის ძალადობას და მხარს ვუჭერთ მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, — ეწერა განცხადებაში.

განცხადების გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ კი კომპანიამ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის სასამართლოს 25-მილიონიანი სარჩელით მიმართა კომპანია North Six-ის წინააღმდეგ, რომელმაც Garde-Robe-ის კამპანია დაგეგმა და განახორციელა. სარჩელში Balenciaga დავობს, რომ კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მათთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა და გააჩინა „ცრუ ასოციაცია Balenciaga-სა და ბავშვთა პორნოგრაფიას შორის“.

კომპანიის ადვოკატი, რომელსაც Balenciaga უჩივის, საპასუხოდ აცხადებს, რომ გადაღებებზე კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, დოკუმენტების შესახებაც იცოდნენ და სხვა რეკვიზიტებიც თავად მიიტანეს. ამასთან, იურისტის თქმით, სეტის დიზაინერი ფოტოების შერჩევასა და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა.

რაც შეეხება Gift Shop-ის კამპანიას, Balenciaga ფოტოგრაფისთვის ჩივილს არ აპირებს. NY Times წერს, რომ გალიმბერტის თქმით, სათამაშო დათვის ფორმის ჩანთების კამპანიაში ბავშვების ჩართვის გადაწყვეტილება თავად არ მიუღია და აღნიშნავს, რომ Balenciaga-ს სურდა ფოტოსესიის თემა „პანკი“ ყოფილიყო.

28 ნოემბერს Balenciaga-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ აღნიშნულ კამპანიაში ბავშვების ჩართვა მათი შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება სასამართლო ფაილებს, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ფოტოების გამოქვეყნებამდე არასათანადოდ შესწავლის ნაწილში.

Balenciaga-ს გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა ამერიკელი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელიც ბრენდთან აქტიურად თანამშრომლობდა. კარდაშიანი აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ Balenciaga-სთან თანამშრომლობას უნდა გადახედოს:

„როგორც 4 შვილის დედა, შეძრული ვარ შემაშფოთებელი სურათით. ბავშვების უსაფრთხოება უზენაესია და ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახით ბავშვთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას. ვაფასებ, რომ Balenciaga-მ კამპანია ჩახსნა და ბოდიში მოიხადა. საჭიროა იმგვარი ზომების გატარება, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს“, — დაწერა კიმ კარდაშიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი