ახალი ამბები

უკრაინაში საქართველოს ელჩი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

24 ნოემბერი, 2022 • 846
უკრაინაში საქართველოს ელჩი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

2022 წლის 21 ნოემბერს  საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქებში, მიკოლაევსა და ახლახან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.

ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების საჭიროებების შესახებ.

შეხვედრებისას ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ხერსონის ოლქის ნაწილი უკრაინამ ნოემბერში გაათავისუფლა.

მანამდე მას რუსული მხარე აკონტროლებდა. ოკუპაციის პერიოდში ხერსონის ოლქი, უკანონო რეფერენდუმების შედეგად, რუსეთმა საკუთარ შემადგენლობაში მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად, მას მაინც მოუწია ქალაქ ხერსონის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი