იმედია, ჩემს „სისხლიან ბანერებს“ არ ვიხილავთ ამ არჩევნებში – ხაბეიშვილი მელიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ იმედი აქვს, „სისხლიან ბანერებს არ იხილავს“ ნიკა მელიასთან ბრძოლაში ენმ-ის თავმჯდომარეობაზე შიდა არჩევნებში.

„მე დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით და ვარ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. თუ ნიკა მელიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, არ ვიცი, იმედია, ჩემს „სისხლიან ბანერებს“ არ ვიხილავთ ამ არჩევნებში“, – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს 22 ნოემბერს.

ბოლო რამდენიმე არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა – ბილბორდებზე ეწერა ტექსტი „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები იყო დატანილი,

„ჩემს უკან დგას ენმ-ის მხარდამჭერების დიდი არმია და როცა საუბარია, რომ ხაბეიშვილს თურმე ეს უჭერს მხარს, ძალიანაც გავლენინი ყოფილა ხაბეიშვილი, თუ ყველა უჭერს მხარს“, – განაცხადა ასევე ხაბეიშვილმა.

ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა საუბარი იმაზე, ვინ დგას პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან.

16 ნოემბერს ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ დგას პარტიაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის არჩევნების მოთხოვის უკან და არის თუ არა ეს ვანო მერაბიშვილი ან დავით კაზერაშვილი, მელიამ არ უპასუხა.

პარტიის თავმდომარემ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის სტილით იყოს პარტია და არა ბიზნესორგანიზაცია და ეფუძნებოდეს იმ პრინციპებს, რომელსაც დაარსების დღიდან მისდევდა.

მელიას თქმითვე, შემთხვევით არაფერი ხდება და საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამ ყველაფერზე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისაუბრებს.

ვრცლად: