ახალი ამბები

უკრაინა ზამთრამდე ხერსონისა და მიკოლაევის ნებაყოფლობით ევაკუაციას გეგმავს – NYT

21 ნოემბერი, 2022 •
უკრაინა ზამთრამდე ხერსონისა და მიკოლაევის ნებაყოფლობით ევაკუაციას გეგმავს – NYT

უკრაინის მთავრობა სამხრეთში მდებარე ქალაქების, ხერსონისა და მიკოლაევის მოსახლეობის ნებაყოფლობით ევაკუაციას განიხილავს.

ინფორმაციას The New-York Times ავრცელებს.

მიზეზი არის ზამთრის მოახლოება და, შესაბამისად, ტემპერატურის ვარდნა, რასაც უკრაინა ხვდება დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურით.

რუსული დაბომბვების შედეგად, უკრაინული ქალაქების ნაწილს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება, ზოგს კი მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიეწოდება.

ქვეყნის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თანახმად, მომდევნო დღეებში მთავრობა დაიწყებს იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ქალაქების დატოვება სურთ.

მისი განცხადებით, მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა საკუთარი სახლების დატოვება, მათ ტრანსპორტირებას კი სხვა ქალაქში უკრაინის ხელისუფლება უზრუნველყოფს.

ხერსონი უკრაინულმა ჯარმა ნოემბრის თვეში გაათავისუფლა.

მანამდე ფრონტის ხაზი ხერსონის ჩრდილოეთითა და მიკოლაევის სამხრეთით გადიოდა, შესაბამისად, ორივე ქალაქი პერიოდული საარტილერიო დაბომბვების ეპიცენტრი იყო.

გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთი დროდადრო ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, ელექტროსადგურებსა და სხვა ტიპის მომსახურე ნაგებობებს. ასევე, უკრაინის ელექტროსისტემიდან გათიშულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, უკრაინულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება ცნობები მოწყვლადი ქალაქების მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი