გურამიშვილის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა და ავტობუსი შეეჯახა

თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი.

როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ავტობუსის მძღოლი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, მომხდარის დეტალები კი მათთვის უცნობია.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების სამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები არავის მიუღია, უწყების თქმით, 3 დაშავებულიდან ორმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ცდილობს დაკავშირებას. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.