საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, საქართველოს საელჩო და საკონსულო თურქეთში აკეთებს ყველაფერს, რათა 16 წლის მოზარდი საქართველოში გადმოასვენონ.
ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს მთავრობას და ასევე საზოგადოებას, რომ ვალის დაფარვასა და ბავშვის საქართველოში ჩამოსვენებაში დახმარებოდნენ.
დღეს დაღუპული მარიამ გოგიაშვილის ოჯახის წევრებმა, მათ შორის დედამ, ფეისბუკზე დაწერა, რომ თანხის გადმორიცხვა საჭირო აღარაა.
„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა . პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი .მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში .
გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა. ყველას ვეებერთელა მადლობა თანადგომისთვის“, – წერს ოჯახის წევრი, სოფიო ჩიკვილაძე.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩაერთო პროცესში.
„ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებს სამინისტრო.