ირანის მოქალაქემ საქართველოში პაკისტანელი „ქილერი“ გამოგზავნა ისრაელის მოქალაქის მოსაკლავად – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ირანის მოქალაქე საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა, რისთვისაც პაკისტანის მოქალაქე დაიქირავა.

სუს-ის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა, – ამჟამად სუს-ს დაკავებული ჰყავს პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

უწყების თანახმად, იდენტიფიცირებულნი არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები: „დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

გამოძიების ვერსია ასეთია:

ამასთან, სუს-ის გამოძიების თანახმად, მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, „დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი“.

„კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა“, – წერს სუსი.

უწყება ამბობს, რომ პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც „აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“.

სუს-ის თანახმად, საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის მონაწილე და ხელშემწყობი პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.