გრიპზე უფასო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე გაგრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება 22 ნოემბრამდე.

უწყების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით  სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა და ნებისმიერი მსურველი მომსახურებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში:

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“, – ნათქვამია NCDC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.