“ფაბრიკაში” ქალზე ძალადობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

12 ნოემბერს თბილისში, “ფაბრიკაში” მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე.

“ფაბრიკაში” ქალზე ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ანა ჯაფარიძემ 12 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი. ის პოსტში ყვებოდა, რომ შემთხვევა პარასკევს, 11 ნოემბერს მოხდა:

“ფაბრიკაში ერთი ჩვეულებრივი პარასკევი საღამო, 23:00 საათი, 3 გოგონა (20-დან 23 წლამდე) მოსულია ერთმანეთთან საურთიერთოდ და ისტორიების მოსაყოლად. ამ დროს მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან, უნდა, რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს ჰკიდებს გოგონას და მისკენ იზიდავს. გოგონა უძალიანდება, ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება, რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს/ ამ გაწევ-გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმას ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს… როგორც იქნა, მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს”, – წერს ანა ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.