“თავმჯდომარე არ უნდა ასხივებდეს უთანხმოებას სააკაშვილთან”, – ცისკარიშვილი მელიასთან აზრთა სხვადასხვაობის მიზეზებზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ნიკა მელიასთან აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო დავით კეზერაშვილის მიმართ მელიას მხრიდან გაჟღერებული განცხადებები. ამასთან, მისი თქმით, პარტიაში პრობლემურად მიიჩნიეს ნიკა მელიას განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ სააკაშვილი მისი მეგობარი არ არის. ამის შესახებ ცისკარიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გუშინ, 11 ნოემბერს ისაუბრა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ “პრაქტიკულად იგივე მესიჯბოქსი” გააჟღერა, რასაც “ქართული ოცნება” ამბობდა დავით კეზერაშვილთან მიმართებით:

“აზრთა სხვადასხვაობები რამდენიმე საკითხზე გვქონდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როდესაც ნიკა [მელია] საჯაროდ გამოვიდა ტელეეთერებში რამდენიმე თვის წინ და თქვენს დამფუძნებელს [დავით კეზერაშვილს] ბრალი დასდო ოლიგარქობაში და პოლიტიკაში ხელის შემოყოფისა და აქტიურობის მიმართულებით. პრაქტიკულად, იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც “ქოცები” აჟღერებდნენ იმ პერიოდისთვის.

“ოცნების” ლიდერშიპი იმ პერიოდიდან დღემდე მოყოლებული აგრძელებს. შეიძლება ნიკა საჯაროდ აღარ საუბრობს, მაგრამ ისინი არ გაჩერებულან, თავს ესხმიან დავით კეზერაშვილს. რაღაცნაირად ეს კამპანია გრძელდება მის წინააღმდეგ და ჩვენი გუნდის მენეჯმენტის სხვა წევრებს მოუწიათ ღიად ამ განცხადებას დაჰპირისპირებოდნენ. ეს არასწორი იყო იმ მოცემულობაში, იმ პირობებში, როდესაც დეოლიგარქიზაციაზე იყო ევროპის მხრიდან საუბარი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საუბრობს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კი არა, თურმე დავით კეზერაშვილი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ეს იყო გაუმართლებელი. კრიტიკული მედიის დამფუძნებელზე თავდასხმა მაშინ, როდესაც ყველა ისარი და ფოკუსირება უნდა იყოს ამ რეჟიმის შესუსტებაზე”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პარტიის დამფუძნებელთან დაკავშირებით არ უნდა აჟღერებდეს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ის ჩემი მეგობარი არ არის”, რადგან ცისკარიშვილის განმარტებით, “პოლიტიკაში თანამებრძოლობა მეგობრობას ნიშნავს”. ამასთან, მისი თქმით, ცხადია, რომ მელიას ეს განცხადება პარტიის “გულმხურვალე მხარდამჭერებს გულზე კარგად არ მოხვდებოდა”:

“მე ვთვლი და ვთვლიდი, ასევე ბევრია ამ აზრზე პარტიის შიგნით, რომ პარტია, ლიდერშიპი, თავმჯდომარე არ უნდა ასხივებდეს უთანხმოებას მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ, რომ ეს მისი დაფუძნებული პარტიაა, “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც მან შექმნა. [როდესაც თქვა] რომ [სააკაშვილი] მეგობარი არ არის და არც არასდროს იქნება… შეიძლება არ უთქვამს ცინიკური ან ბოროტული განწყობით, სპეციალურად, რომ დაჰპირისპირებოდა მაინც და მაინც, მაგრამ სხვა ადამიანების, სხვა პოლიტიკოსების, იგივე მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას რომ დავაკვირდეთ, პოლიტიკაში თანამებრძოლობა მეგობრობას ნიშნავს. ასე რომ, “ის ჩემი მეგობარი არ არის და არც იქნება”, ცხადია რომ ნაციონალური მოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერებს გულზე კარგად არ მოხვდებოდა”, – განმარტა ცისკარიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სექტემბერში დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ რაც უფრო შორს იქნებოდა კეზერაშვილი პოლიტიკისგან, მით უკეთესი იქნებოდა ეს ქართული პოლიტიკისთვის, რადგან მას არ აქვს განცდა, რომ კეზერაშვილი “გულწრფელად მოწადინებულია, დაამარცხოს რეჟიმი”.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მელიამ მის შესახებ ისაუბრა ასევე სექტემბერში და თქვა, რომ ის და სააკაშვილი არიან თანამებრძოლები, თუმცა არა მეგობრები.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.