აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია საუბრობს აფხაზეთის სამხედრო მომზადების საჭიროების შესახებ.

“ქვეყნის ხელისუფლების მიერ ყველა აუცილებელი ზომა მიიღება ჩვენი სამშობლოს სამხედრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად – სამობილიზაციო მზაობის დონის გაზრდა, შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა დამატებითი შეიარაღებით, სპეციალური ტექნიკით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით.

ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ სამობილიზაციო მზაობის გასაუმჯობესებლად. ვიძენთ სპეციალურ შეიარაღებას. მუდმივ კავშირში ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას”, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი მოქალაქეებისადმი მიმართვაში.

აფხაზეთში სამობილიზაციო მზაობის გასაუმჯობესებლად, რამდენიმე კვირის წინ, ბჟანიამ შესაბამის უწყებებს დაავალა, წინასწარ შეეფასებინათ აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობა  და რეკომენდაციები შეემუშავებინათ. ოფიციალური ინფორმაციით, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში 14 წევრია.

ამასთან, დაახლოებით ერთი თვის წინ ბჟანიამ ბიზნესს დახმარება სთხოვა სამობილიზაციო სამუშაოების ფარგლებში ისეთი საკითხების უზრუნველყოფაში, როგორიცაა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და მედიკამენტები, სამედიცინო პერსონალის გადამზადება, ჯარის თანამედროვე მობილური საშუალებებით უზრუნველყოფა, უპილოტო საფრენი აპარტები და მათი ოპერატორების სწავლება, თავდაცვის საშუალებები, ჯავშანჟილეტები, ბალისტიკური სათვალეები, ტაქტიკური ხელთათმანები, სამხედროების ზამთრის ეკიპირება, ტაქტიკური მობილური ჯგუფების გადაადგილებისთვის მსუბუქი ავტომობილები, ენერგოგენერატორები ელექტრომომარაგების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და ა.შ.

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქართული მხარის მიერ აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნაზე აქტიურად საუბრობენ აფხაზი ჩინოვნიკები.  დასავლეთის მიერ “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაზე საუბრობს “ქართული ოცნებაც”. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს.