უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი ააფეთქებს კოხოვკის კაშხალს, ამით მთელ მსოფლიოს გამოუცხადებს ომს.

მხარეები კაშხლის შესაძლო აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ზელენსკის განცხადებამდე რუსულ მედიაში გავრცელდა გენერალი სერგეი სუროვიკინის განცხადება, რომლის მიხედვითაც კიევი გეგმავდა კაშხლის აფეთქებასა და მდინარე დნეპრის სანაპიროებზე გაშენებული დასახლებების დატბორვას.

კიდევ უფრო ადრე უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა, რომ განიხილავდნენ კაშხლის აფეთქებას.

კაშხალი მდინარე დნეპრზე, ქალაქ კახოვკასთან მდებარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ მას მართლაც ააფეთქებენ, არსებობს შანსი, რომ გამოთავისუფლებული წყალი დატბორავს ქალაქ ხერსონსა და მდინარის სანაპიროებზე გაშენებულ დასახლებებს.

გარდა ამისა, შესაძლოა, წყლისგან დაიცალოს რეზერვუარი, რომლითაც სისტემის გაცივების მიზნით მარაგდება ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

იმ შემთხვევაში, თუ სადგური ვერ შეძლებს წყლის მიღებას,  აუცილებლად უნდა „გათიშონ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ ატომური კატასტროფა მოხდეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ აკონტროლებენ ქალაქ კახოვკას, თუმცა დაკარგეს კონტროლი კაშხლის მეორე ბოლოზე, რომელიც ახლა უკვე უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიაზეა.