ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, დაშვება, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან რუსული ჯარების გასვლა გეგმის ნაწილია უკრაინელების რაიმე ტიპის ხაფანგში შესატყუებლად, ნაკლებად სავარაუდოა.
ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე, ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ ტოვებდა რუსული ჯარი მდინარის მარჯვენა სანაპიროს და როგორ აწყობდა თავდაცვით ნაგებობებს უკვე მარცხენა სანაპიროზე, რაც, როგორც ინსტიტუტი აცხადებს, „ხაფანგში მომწყვდევის ამოცანასთან თანხვედრაში არაა“.
ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, შესაძლოა რუსებმა ქალაქ ხერსონში დატოვონ რიგი ძალები, თუმცა ეს დროის მოგების მიზნით ხდება, რათა სრულად გაიყვანონ დანარჩენი დანაყოფები მარჯვენა სანაპიროდან.
„რუსული სარდლობა შეეცდება შეანელოს უკრაინული წინსვლა ხერსონის ოლქში, რათა შეინარჩუნოს ჯარების მოწესრიგებული გასვლა. ზოგი დანაყოფი შეიძლება დარჩეს ქალაქ ხერსონში, რათა შეაჩეროს უკრაინული ძალები, თუმცა ეს ბრძოლები იქნება იმისთვის, რომ რუსული დანაყოფების გასვლა მოხდეს მაქსიმალურად ორგანიზებულად“, – წერია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, უკრაინა აგრძელებს საბრძოლო რეგიონში წინსვლას.
გარდა უკრაინული კონტრშეტევისა, რუსული ჯარის სწრაფ გასვლას აფერხებს ის ფაქტიც, რომ მდინარე დნეპრზე მოწყობილი სახიდე გადასასვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.
ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.