ახალი ამბები

პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანი ხიდი იქნებოდა აშშ-სა და საქართველოს შორის — დეგნანი

28 ოქტომბერი, 2022 • 1181
პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანი ხიდი იქნებოდა აშშ-სა და საქართველოს შორის — დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ამ საკითხის გარშემო განხილვები მიმდინარეობს. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 28 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ში მცხოვრები ადამიანები საქართველოში სტუმრობისგან ხშირად თავს იკავებენ სწორედ მგზავრობის სირთულის გამო:

“ვისაც უფრენია აშშ-დან საქართველოში, იცის, რამდენად არაჩვეულებრივი იქნებოდა, პირდაპირი ფრენა რომ ყოფილიყო საქართველოში. გარკვეული პერიოდია, ეს საკითხი განიხილება. ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ განხილვები განახლდა.

რა თქმა უნდა, მოგზაურობის ინდუსტრიაზე სერიოზული გავლენა მოახდინა კოვიდმა, ამიტომ არ ვიცი, ზუსტად რა ეტაპზეა განხილვა… თუმცა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ხიდი იქნებოდა აშშ-სა და საქართველოს შორის.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ხანდახან აშშ-ში მცხოვრებლის დარწმუნება რთულია, რომ პირველად წამოვიდნენ საქართველოში, რადგან ძალიან შორი ჩანს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოცდიან ქართულ სტუმართმოყვარეობას, არასდროს ჭირს მათი დარწმუნება მეორე ვიზიტზე”, — განაცხადა დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანმა ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების როლზე საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამყარების მხრივ. მისი თქმით, ეს არის აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის პრეროგატივა, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მათ ურჩევს, აღნიშნულ საკითხზე იმუშაონ. დეგნანის განცხადებით, ეს იქნებოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი