„ჩვენი ინფორმაციით, საქართველო ვერც 2023 წელს მიღეებს კანდიდატის სტატუსს“ — 3 პარტიის განცხადება

სამი ოპოზიციური პარტია — „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“  —ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა ელოდოს კანდიდატობაზე დადებით გადაწყვეტილებას.

პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მათ არაერთი შეხვედრა ჰქონდათ ევროპელ პოლიტიკოსებთან და ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, „რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12- პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში“.

„აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც დაგვხვდა ამ შეხვედრების დროს. კერძოდ:

„მივმართავთ “ქართულ ოცნებას”:

თუ ივანიშვილი დაგრთავთ ნებას, მზად ვართ, თქვენთან ერთად დავსხდეთ ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენ მიერ გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა“, – ამბობენ პარტიები.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ამ ვადამ გადაიწია და 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი.

ამ თემაზე ნახეთ ასევე:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე