ახალი ამბები

აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს და რუსეთის გავლენის სუბიექტებს სანქციები დაუწესა

26 ოქტომბერი, 2022 • 1335
აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს და რუსეთის გავლენის სუბიექტებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოლდოვაში რუსეთის მუდმივი მავნე გავლენის კამპანიებისა და სისტემური კორუფციისთვის 9 ფიზიკურ პირს და 12 ორგანიზაციას.

აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) თანახმად, რუსეთის მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერდა გავლენისა და დესტაბილიზაციის კამპანიებს [მოლდოვაში], რაც ხშირად გულისხმობს კორუფციის იარაღად გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად. კორუფციას რუსეთის ხელისფულება იყენებს გავლენის აგენტების მხარდაჭერით საკუთარი ნარატივის გარვცელებასთან ერთად.

„დღეს დაწესებული სანქციები ავლენს არა მხოლოდ რუსეთის ფარულ სტრატეგიას მოლდოვაში, არამედ აჩვენებს, თუ როგორ ძირს უთხრის კორუფცია კანონის უზენაესობას. რუსული გავლენის ოპერაციები მიმართულია სისუსტეების გამოყენებაზე სამიზნე ქვეყნებში, რათა მოხდეს მათი შიგნიდან დესტაბილიზაცია. შეერთებული შტატები აგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას კორუფციის და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“,  — თქვა ბრაიან ნელსონმა, აშშ-ის ხაზინის მდივანმა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, თქვა, რომ აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს მოლდოვის ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერებაში და ხელი შეუწყოს დემოკრატიის შელახვის მსურველთა პასუხისმგებლობაში მიცემას. ბლინკენის განცხადებით, დღევანდელი სანქციების გარდა, აშშ „გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაწესებას მათთვის, ვინც დემოკრატიას საზღვარგარეთ ემუქრება“.

აშშ-ის სანქციები შეეხება მოლდოვის მთავრობის ყოფილი თანამდებობის პირს ვლადიმერ პლაჰოტნიუკს, რომელიც ჩართული იყო „სახელმწიფოს მიტაცებაში მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორების, მათ შორის სამართალდამცავი, საარჩევნო და სასამართლო სისტემებზე კონტროლის და მანიპულირების გზით“.

სანქციების სიაში მოხვდა მოლდოველი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ილან შორი და მისი ცოლი, რუსი პოპ მომღერალი ჟასმინი (სარა ლვოვნა შორი), რომელიც პუტინმა რუსეთის დამსახურებულ არტისტად დაასახელა. ილან შორი ფიგურირებს მოლდოვის საბანკო სკანდალში, რომელიც 1 მლრდ აშშ დოლარის გათეთრების საქმეს ეხება, თუმცა მან უარყო, რომ რამე დანაშაული ჩაიდინა. საუბარია მოლდოვის 2014 წლის საბანკო სკანდალზე, როდესაც ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მლრდ აშშ დოლარი „გაქრა“. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ილან შორმა პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი პარტია დაადანაშაულა, რომ ნებისმიერ ფასად სურთ მოლდოვის ომში ჩათრევა.

„2022 წლის ივნისის მდგომარეობით ილან შორს რუსეთის მხარდაჭერა ჰქონდა და მისი პარტია კოორდინაციას უწევდა სხვა ოლიგარქების წარმომადგენლებს მოლდოვაში პოლიტიკური არეულობის შესაქმნელად. 2022 წლის ივნისში შორი მუშაობდა მოსკოვში დაფუძნებულ სუბიექტებთან, რათა ძირი გამოეთხარა მოლდოვის განაცხადისთვის ევროკავშირის წევრობაზე“, — ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრ იური ჩაიკას ვაჟი იგორ ჩაიკა და მასთან აფილირებული პირები და კომპანიები. აშშ-ის თანახმად, 2021 წლის მოლდოვის არჩევნების წინ, მათ კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვთან ერთად, შეიმუშავეს დეტალური გეგმა პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ, მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების მიზნით.

დაბლოკილია ზემოაღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები აშშ-ში ან მის კონტროლს ქვეშ. ასევე, დაბლოკილია ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან მთლიანობაში ფლობს 50 პროცენტს ან მეტს სანქცირებულ იურიდიულ სუბიექტებში.

ვლადიმერ პლაჰოტნიუკს აშშ-მა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში დაუწესა სავიზო შეზღუდვები. ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პლაჰოტნიუკს და მისი ოჯახის წევრებს, როგორც წესი, არ აქვთ ვიზა შეერთებულ შტატებში. თუმცა რადიო თავისუფლების ცენტრალური ბიურო 2020 წლის მარტში, ამერიკისა და მოლდოვის მთავრობებში წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ მოლდოველი ოლიგარქი სანქციების მიუხედავად შეერთებულ შტატებში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი